სიყვარულთან ხუმრობა არ შეიძლება


დილის რვა საათი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს, შემდეგ ზარიც დარეკეს.
ხალითი უმალვე წამოიჭრა ლოგინიდან, ამ წუთგშიო დაუძახა, ტილოს შარვალი საჩქაროდ ამოიცვა, და კარისკენ გაეშურა.
როგორც კი გააღო კარი, გაოცებისაგან ოდნავ უკან დაიხია. მის წინ იდგა ქერათმიანი, საშუალო ტანის ქალიშვილი, მიუხედავად სიცხისა, მას შავი კაბა ეცვა, ღრმად ამოჭრილი მკერდით და მოკლე სახელოებით.
შავ ფონზე ძალიან მკვეთრად და მიმზიდველად ისახებოდა მისი თეთრი, მაღალი ყელი, მოკლე ქერა თმა, მრგვალი, ნათელი სახე, ოდნავ წვრილი, მაგრამ მკვრივი მკლავები.
_ ვერ მიცანით, ხალით?
პირველ წუთებში ხალითი მართლაც დაიბნა: ვერ იცნო. მაგრამ სულ მალე გაიხსენა ყველაფერი და ძალიან კარგადაც იცნო ქალიშვილი.
_ ოჰ, ლიანა? მობრძანდით... მობრძანდით...
ლიანა სულ სხვანაირ შეხვედრას ელოდა. ამიტომ ცოტა ეწყინა ეს გულგრილობა, სახეზე სიწითლემ გადაურა,ა მაგრამ მაინც შემოაბიჯა დერეფანში.
მან ძალიან შინაურულად გაუღიმა მასპინძელს, ჩითის ჩანთა მარცხენა ხელში გადაიტანა და ხელი ისე გაუწოდა ხალითს, თითქოს ეს ხელი კი არა, რაღაც ნივთი ყოფილიყო.
ხალითმა ოთახწი შეიხედა, რაც ალბათ იმას ნიშნავდა, რომ ქალიშვილს შინ იპატიჟებდა, მაგრამ ყველაფერ ამას ისე დაბნეულად, რაღაცნაირი შიშითა და სიმხდალით აკეთებდა, რომ ლიანა სულ გაშეშდა.
სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ხალითმა უხერხული წუთის გასანელებლად, საათს დახედა.
თუმცა, ვინ იცის, იქნებ საჭიროც იყო ახლა საათზე დახედვა, რადგანაც მისი ახალშერთული მეუღლე თამარი ბაზარში იყო წასული და დაბრუნების დროც ახლოვდებოდა.
_ როგორ მომიხაროდა... თქვენ კი გეწყინათ ჩემი მოვლა... _ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლიანამ.
_ არა, მე ძალიან მიხარია, რომ გნახეთ.
_ ჰო, ვხედავ, ვხედავ...
ხალითმა თავი ჩაღუნა. მერე ისევ შეხედა სტუმარს, ბოდიში მოუხადა აქ გაჩერებისათვის და ნაძალადევი თავაზიანობით თხოვა ოთახში შესულიყო.
ხალითი დაიბნა და არია არა მარტო იმის მოლოდინმა, რომ საცაა ცოლი დაბრუნდება და რას იტყვის, უცხო ქალიშვილს რომ ნახავსო, არამედ თვით ლიანას სიკეკლუცემ, მისმა უბრალოებამ და მომხიბვლავმა ღიმილმა, რომელიც რატომღაც აქ, თავის სახლში სრულიად სხვანაირი, უფრო მშვენიერი და ამაღელვებელი ეჩვენა.
არა, არაფრით არ ელოდა იგი, რომ ლიანა მასთან ჩამოვიდოდა. ასე თავისუფლად მოაკითხავდა სახლში და მართლა სერიოზულად ჩათვლიდა იმას, რაც...
ასეთი ამბავი, ჩვეულებრივად, ყოველთვის მოუხდება კაცს, ისიც ახალგაზრდას.
შარშან, სწორედ ამ დროს, ივლისის ბოლო დღეებში, ხალითი ბათუმიდან სოჭში გაემგზავრა გემით. ქარხნის პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, სადაც თვითონ მუშაობდა, ნარზანის წყლებზე სამკურნალოდ საგზური მისცა და ხალითმა გადაწყვიტა ნახევარი გზა მაინც ზღვით ემგზავრა.
მაშინ თამარი ჯერ კიდევ შერთული არ ყავდა...
ჰოდა, საზღვაო ვოგზალში, ბილეთის ასაღებად რომ ჩადდგა რიგში, მასთან მოვიდა ერთი ქერათმიანი ქალიშვილი და მორიდებით თხოვა:
_ ბოდი, მაგრამ ერთი ბილეთი ამიღეთ სოჭამდე... მეორე კლასი... _ და ფული გაუწოდა.
ხალითს ყურადღებას არ მიუქცევია უცნობი გოგონასათვის, ისე გამოართვა ფული. ნელ-ნელა მიმავალ რიგს გაყვა.
ბილეთები რომ აიღო, ქალიშვილი წინ მიეგება, დიდი მადლობა გადაუხადა და კედელთან დაწყობილ ორ დიდ ჩემოდანთან დაბრუნდა.
~ალბათ ბარგი ვერ მიატოვა~ _ იფიქრა ხალითმა. თავისი პატარა ხელჩანთა იღლიაში ამოიჩარა, სიგარას ცეცხლი მოუკიდა და პალმებიან ეზოში გავიდა.
ეზოდან ისევ უკან მობრუნდა, თითქოს რაღაც დაავიწყდა, ვოგზლის დარბაზში შეიხედა; იქ, სიღრმეში, კედლის ფონზე, კვლავ დაინახა მოკლე ჩითის კაბაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგონა.
ლიანას გრძელი ნაწნავები ჰქონდა მხრებზე დაყრილი.
ქალიშვილიც თითქოს მას უყურებდა.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ხალითი ისევ მიბრუნდა და წავიდა.
წავიდა, მაგრამ გული უკან ეწეოდა.
გემის გასვლამდე დიდი დროა. შეიძლება მივიდეს და გაიცნოს ის ქალიშვილი. ბარგი შეანახვინოს, გაასეირნოს...
მაგრამ რადგან ქალიშვილი მიუხვდა, რომ ხალითმა მას შეხედა, ვეღარ გაბედა დაბრუნება.
საღამოს, გემის კიბეზე რომ ადიოდა, ნაცნობი ქალიშვილი კვლავ მის წინ აღმოჩნდა, ორ დიდ ჩემოდანს ძლივს მიათრევდა.
აი, შემთხვევაც!..
ხალითი მაშინვე მიეშველა. ერთი ჩემოდანი გამოართვა და გემში შეატანინა. ქალიშვილი დიდად მადლიერი იყო. ხალითი კი გახარებული.
ბილეთები გასინჯეს და ადგილებზე მიუთითეს. ხალითს ორი ბილეთი აიღო ორივე მეორე კლასისა, ორადგილიან კაიუტაში.
_ არა უშავს, _ საჩქაროდ უთხრა ქალიშვილს, _ თქვენ მოეწყვეთ, არაფერი თქვათ. მე სულ არ შემოვალ, გემბანზე დავრჩები. მაინც სიცხეა.
მართლაც აღარაფერი უთქვამს გოგონას.
ერთი ეს ჩემოდნები სადმე დაალაგოს და ჯანაბას.
_ თქვენი სახელი?
_ ლიანა, ბატონო.
_ მე ხალითი მქვია... ნუ გეშინიათ, თქვენ დაისვენე. მე სხვაგან გადავალ, ან გემბანზე დავწვები.
ხალითი გავიდა კაიუტიდან. რესტორანში დაჯდა, კონიაკი და მშრალი ვახშამი მოატანინა და შუაღამემდე იქ დარჩა.
ლიანას ისე მოეწონა ხალითის ქცევა, რომ სხვა აღარაფერზე შეეძლო ფიქრი. მაგრამ მალე მარტოობა იგრძნო და ეწყინა, რომ ხალითს არ თხოვა ცოტა ხნით აქ დარჩენილიყო.
ბოლოს კიდეც ჩაეძინა.
ხალითი გვიან დაბრუნდა.
თუ კარი ჩაკეტილი იქნებოდა, იგი არ დაუძახებდა, სხვაგან გაათევდა ღამეს. მაგრამ როგორც კი ხელი შეახო, კარი გაიღო.
ლიანას, როგორც იტყვია, დამჯდარს ეძინა.
ხალითი ფრთხილად შევიდა, პატარა მაგიდასთან გაჩერდა. ერთ ხანს ლიანას უყურებდა.
იფიქრა, მივალ და ერთი მაგრად ჩავეხვევი, ვაკოცებ, შემდეგ ქერა ნაწნავებს ყჰელზე შემოვიხვევო.
იფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა.
გვერდით კი მაინც მიუჯდა. შემდეგ რომელიღაც კინოფილმიდან გაიხსენა თუ როგორ თავისუფლად და ძალდაუტანებლად აკოცა პირველად ვაჟმა ქალს.
შემდეგ ყველაფერი დაივიწყა. ფრთხილად დაიხარა და ტუჩებით მსუბუქად შეეხო ლიანას ლოყას.
ქალიშვილმა თვალი გაახილა, აზრი მოიკრიბა და შეძრწუნებული წამოიჭრა. ხალითიც ადგა, მივარდა, ხელი მოხვია და მძლავრად მიიხუტა...
ქალიშვილს ერთი საყვედურიც არ დაცდენია, სიტყვაც არ უთქვამს ხმამაღლა.
კარი გააღო და გავიდა.
ხალითი დაეწია, ემუდარა, ნუ წახვალთ, მე თვითონ წავალო... მორაბრუნა კიდეც, საწოლზე დასვა, ბოდიში მოუხადა და გულდამძიმებული სასწრაფოდ გაეცალა ქალს.
იგი გემბანზე ავიდა და სასწრაფო დახმარების ნავზე გადაჭიმულ ბრეზენტზე გაწვა.
დილით გემბანზე შეხვდნენ ერთმანეთს.
ლიანას ოდნავ ნამტირალევი სახე ჰქონდა.
ხალითი პირველად რომ შევიდა კაიუტაში და მიძინებული ლიანა დაინახა, სრულიად სხვა სურვილი დაებადა, ახლა კი სულ შეეცვალა აზრი, თითქოს კიდეც შეეცოდა ქალიშვილი.
_ მე რომ გაწყენინე, ალბათ ამიტომ ხართ დამწუხრებული, ხომ, ლიანა?
_ იცით რა? სრულიადაც ამიტომ არა.
_ აბა?
_ გამოცდებზე ჩავიჭერი და ინსტიტუტში ვერ ჩავირიცხე... არა, ეს თითქოს არაფერია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ რადგან უმაღლესში ვერ შევედი, მამაჩემი წელს გაუთხოვარს არ დამტოვებს. ისიც იმაზე, ვინც მას უყვარს და არა მე...
~რას ნიშნავს ეს?~ დაეკითხა თავის ხალითი. თითქოს რაღაც ვალდებულება იგრძნო ლიანას მიმართ; შეწუხდა, სიტყვას ვეღარ მიაგნო, ზღვაში გადაიხედა, გემის თეთრ კედელზე მინარცხებულ ტალღებს მიუგდო ყური.
ამასობაში სოჭის ნაპირიც გამოჩნდა.
ნავსადგურში ერთად ჩავიდნენ.
ქალიშვილი ისევ წინ მიდიოდა, ხალითი უკან მიყვებოდა. ცალ ხელში თავისი პატარა ჩემოდანი, მეორეში კი _ ლიანას დიდი ჩემოდანი ეჭირა.
მინვოდისაკენ მატარებლის გასვლამდე სამი საათი იყო. ლიანამ უთხრა, რომ ხუთ საათზე სადგურში მოვა გასაცილებლად.
ხალითმა ბევრი ისეირნა ქალაქში, ორიოდე ნაცნობსაც გადაეყარა. ლიანა კიდეც გადაავიწყდა. ხუთის ნახევარზე სადგურზე გავიდა.
კიბეზე რომ ფეხი შეაბიჯა, ძახილი მოესმა, არა, მისის ახელი არავის დაუძახია, მაგრამ ხმა, რომელიც გაოგონა, მხოლოდ მისი იყო, მას ეკუთვნოდა.
პირველ საფეხურზე მდგომმა უკან მოიხედა.
ქვემოთ ლიანა იდგა.
მას ნაცრისფერი კაბა ეცვა. წელზე ბრტყელი ქამარი ისე შემოეჭირა, რომ თავისი ქერა თმით ახალმოჭრილ პურის კონას მიაგავდა.
ხალითი კინაღამ ჩამოვარდა, ისე ჩამოხტა ძირს.
ლიანასთან რომ მივიდა, საათს დახედა რატომღაც, რისთვისაც ქალიშვილმა უსაყვედურა.
_ გეშინიათ, არ დარჩეთ?..
უჰ, როგორ მოუნდა ხალითს, ეს გოგოც თან წაეყვანა ჟელეზნოვოდსკში და მასთან ერთად გაეტარებია ეს თვე.
შემდეგ?
შემდეგ არაფერი... წერილებს მისშერს, სურათებს მოთხოვს. წერილებს ძალიან ღრმააზროვნად შეადგენს. ალა-ალაგ გრიშაშვილის ლექსებს ჩაურთავს, ხოლო თავისი გატაცების აღსაწერად სიტყვებს `მანონ ლესკოდან~ ისესხებს.
შემდეგ?
შემდეგ არაფერი. ჩვეულებრივად ორივეს მოწყინდებათ, მოეშვებიან, დაივიწყებენ.
მაგრამ ის ხომ მართლა არ წამოვა.
ამიტომ არც ღირს ამაზე ფიქრი.
_ იცით რა? _ უთხრა ლიანამ, _ სახლში ის დამხვდა, მამას რომ უყვარს, მე კი...
ჰოო, გაიხსენა ხალითმა `ის~.
ახლა რატომღაც ესიამოვნა ხალითს, რომ ლიანამ მას შესჩივლა.
აშკარად დაინახა, რომ ქალიშვილს არ უნდა იმის ცოლობა, ვისაც მამამისი ურჩევდა.
რით დაეხმაროს?
რით და...
_ ლიანა, რა ცოტა დრო დამრჩა. მე კი როგორ მინდა შენთან ვიყო...
თუ ეს გულწრფელად ნათქვამია, ლიანა ბედნიერია. შეიძლება გაკიცხონ იგი, რომ ვაჟი ერთი ნახვის შეუყვარდა, მაგრამ დაე, გაკიცხონ. ოღონდ ეს სიტყვები გულწრფელი იბოს და დანარჩენი ადვილი ასატანია. არა, ამ სიტყვებს ელოდა იგი ხალითისაგან.
არ შეიძლება ასეთი სიტყვები სიმართლე არ იყოს.
ზარს ჩამოჰკრეს...
ხალითმა სასწრაფოდ გადასცა თავისი მისამართი.
_ მე თქვენ შემიყვარდით, ლიანა.
გამომშვიდობებისას ქალიშვილის რბილი, თეთრი ხელის ზურგი ლოყაზე მიიდო.
შემდეგ გაიქცა და ერთი ნახტომით ვაგონში გაჩნდა.
ორჯერ ხელიც დაუქნია.
ლიანა კი უხმოდ იდგა ბოძთან, ნიკაპი ხელებზე დაებჯინა და ნაღვლიანად გასცქეროდა მატარებელს.
ამ ამბის შემდეგ ერთი წელი გავიდა.
ხალითს, მართალია, ახსოვდა ლიანა, მაგრამ ოდნავადაც არ სჯეროდა თუ იგი ადგებოდა და მართლა მასთან ჩამოვიდოდა.
~მიყვარხარო~ კი უთხრა, მაგრამ ნუთუ მართლა დაიჯერა, ასე სერიოზულად ჩათვალა? აბა, რა ექთვა?
თუმცა... ახლა რომ დაინახა იგი, გული გადაუტრიალდა. რა საინტერესოა!..
ცხრის თხუთმეტი გახდა.
თამარი ჯერ არ ჩანდა.
_ მამა ისე გაბრაზებული დავტოვე, რომ...
_ რატომ? _ ჰკითხა ხალითმა.
_ უარი ვუთხარი მის არჩეულ ვაჟს.
ხალითი ადგა და ფანჯრიდან ეზოში გადაიხედა.
_ ჩემი ცოლი ბაზარშია და იმას ვუყურებ, ხომ არ მოდის-მეთქი.
ამას რომ ამბობდა, ხალითი არ უყურებდა ქალიშვილს. ლიანამ თვალები დახარა. შემდეგ ძლივს წარმოთქვა:
_ აა!.. მე... წავალ ახლა. ბოდიში...
ადგა, კარი გააღო და კიბე თეთრი საზაფხულო ფეხსაცმელის ტაშატუშით ჩაირბინა ისე, რომ ხალითის ერთი სიტყვაც არ გაუგონია.
ხალითმა ისევ გადაიხედა ფანჯრიდან ეზოში და ჭიშკართან მომავალი თამარი დაინახა. ის ლიანამ გააჩერა და რაღაც ჰკითხა.
თამარმა სავსე კალათი კედელთან მიდგა, უცხო ქალიშვილს ჭიშკართან მიყვა და რაღაცა ანიშნა.
სადგურში გასასვლელი ქუჩა თუ მიუთითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE