სიძულვილმა ფაცხა დაწვა
მეორე დღეს ფაცხის სცენა უნდა გადაეღო. ახალგაზრდა კინორეჟისორი ზაქრო მთელი ღამე ამაზე ფიქრობდა. იგი თავის პირველ ფილმს აკეთებდა. ეძნელებოდა ყველაფერი. კინოში მომუშავენი ყველანი დედაქალაქიდან ჰყავდა წამოყვანილი, მაგრამ დანარჩენი თავის მშობლიურ სოფელში, თავის რაიონში უნდა მოეძებნა, ეპოვნა, მოეხმარა. ზაქროზე ბავშვობიდან შეჩვეული აქაურები კი მის ამ უცნაურ ფუსფუსს, ჯახირს, ხმაურსა და, ხან გლეხურ აქაურულად ხან თბილისურად გამოპრანჭული მისი თანმხლები ქალების აღმა-დაღმა წოწიალს, უგულო, უნდო, ეჭვითა და რაღაცნაირი ზიზღშეპარებულ მზერით შესცქეროდნენ. ხოლო, სოფლის ბოლოსთან, ხევისპირა ბექობის ძირას, ძველ ნაწისქვილარზე რომ ერთ დღეს წამოწოწოლებული ფანერის, ყავრის და ტოლის ნაგლეჯებით შეხოხოლებული ფაცხა დაინახეს, რომელსაც სახურავზე საკვამურიც აუშვირეს და ქვემოთ, კიბესთან, ძაღლის საბმელი ჯაჭვიც გამოაბეს, სულ `შეფიშმანდნენ~, სულ დაკარგეს მოთმინება. იქ, იმ ნაწისქვილარის ირგვლივ პატარა ფერდობია, ხოზანი, დაღვარულ-დაკოხებული ნაყანევი, რომელიც ეტყობა, კოლექტივობის პირველი წლების მერე თოხი აღარავის დაუკრავს. მაგრამ ახლა, რადგან იმ ალაგზე ფაცხა გაჩნდა სოფლელებმა ჩათვალეს, რომ ვიღაცა ამ მიწაზე გაჩნდა სოფლელებმა ჩათვალეს, რომ ვიღაცა ამ მიწაზე უნებართვოდ დასახლებას აპირებდა. ნელ-ნელა ღობე-კუთხეებში აფუჩუნ-აჭურჭულდნენ. დაიწყო მითქმა-მოთქმა, ჭორაობა, მუქარები. დაიწერა პირველი წერილები რაიკომში, წერილებზე ხელის მომწერი არ ჩანდა, მაგრამ რვეულის `ჟღერდზე~ მოქნეულად დაწერილმა პირველივე საჩივარმა, რომელიც მდივანმა გოგონამ უკვე გახსნილი და, რაღა თქმა უნდა, უკვე წაკითხული, თან ნომერდასმული, დილით, პირველ მდივანს მაგიდაზე დაუდო, რაიონის `ხაზეინი~ კი არ გააჯავრა, ერთობ შეაკრთო. უყურე შენ ამ ვიღაცა მამაძაღლს, ფაცხა მასივში ჩაუდგამსო, ჩაიბუზღუნა პირველმა, თავისთვის. აა, ვიცი მაგი ვინც იქნება. მაგაზე მთხოვა ერთმა ჩვენებურმა `დამპალმა ინტელიგენტმა~. არ გავუკეთე და კაიც ვქენი ძალიან. ვიცი მაგი რა ბედენაცაა. იქ ადვილად გაუდის ბათუმ-თბილისში და იმ ზემდგომებსაც თავისი ტელებაქია `პატრიოტობით~ კარქათ აბლაყუნებს, თავისი იმ ტირილშერეული ლექსებითაც ბევრს უყუჩებს გულს. ჩემს მაგიერ თვითონ ამბობს და ამტკიცებს რაცხა-რაცხაებს. გახედავ, დიდ გაზეთში ჰექტარისიფართე წერილს გაუჭიმავენ. ჩემ ხელქვეი რაიონის მოსახლეზე, მის დარდ-სიხარულზე ჩემ მაგიერ თავად ჯღაბნის და ქომაგობს ვითამ. ვინ კითხავს მაგას, ჩემთან მაგეთები არ გაუვა. ვიცი მაგი რაცხა ნაგავია. მომადგა ერთხელ. ვითომდა სოფლელ მუშაკაცს ვეხმარები, პირადად ჩემთვის ან შინაურისათვის ხომ არ ვითხოვო, ხალხის მსახური ვარ და ხალხს მინდა დავეხმაროო, მიხსნიდა. რატომაა `ხალხის მსახური~ ვითომ? გაუკეთოს უნდა, მაგრამ ტყვილად ვითომ? არა! ჩემი ჩასადები თვითონ უნდა ჩაიპეჭოს ჯიბეში? ბევრი ყავს იქ, ზემდგომებში, მოხიბლული და ამიზა _ ხელის გამწყობიც. ვინაც უნდა დამირეკოს ან რეზოლუცია გამიდოს, არ ვიზამ. შევაგნებინებ მაგას, რომ აქ მე ვარ, _ მორჩა! დიახ, ამ ახალ საჩივარში რაღაცა აქაურობიდან აღზევებული `დამპალი ინტელიგენტის~ ხელი ენიშნა. `ამხ.გ-ს. პირადად მომელაპარაკეთ~, დააწერა საჩივრის განცხადებას კუთხეში და ფურცელი აღმასკომში ჩასატან საქაღალდეში შეაძვრინა. ზაქრომ მეორე დღეს ფაცხის სცენის გადაღება ვერ დაიწყო, მთავარი როლის შემსრულებელი თბილისელი მსახიობი ქალი ნათია რაიონულ სასტუმროში ვეღარ აღმოაჩინეს. იფიქრეს შინ გაიპარაო. არ ჩანდა არც ფილმის მხატვარი ბიჭი, ქობული. იგი პურისჭამის მოყვარული გახლდათ და სათანადო ადგილებში დაიწყეს მისი ძებნა, ამაოდ. მაგრამ, საბედნიეროდ, შესაღამოვებულზე ორივენი ერთად დაეხატნენ რეჟისორს. ქალაქიდან სურსავით დატვირთულნი ამოვიდნენ. წაქრო თაივის კამპანიით ქობულმა საკუთარ ნომერში მიიწვია, ქორწილი მაქვსო. ამას რომ ამბობდა, გვერდით ნათია ედგა. ქალი, არა ისე როგორც ფილმში თამაშისას, არამედ სულ სხვანაირად, თვალებს შიშნარევი სერიოზულობით აციმციმებდა. ზაქროს გაუკვირდა, ჯერ გაჯავრდა, _ დღეს გადაღება მინდოდა, როგორ ჩამიშალეთო, მაგრამ მალე ჯავრი შუბლიდან გადაიბერტყა, უცნაურად განეფე-დედოფლებულებს მოეხვია, მიულოცა და ხელები სრესით სადღეგრძელოს სათქმელად მოემზადა, ოღონდ წინასწარ გამოაცხადა, ხვალაც ვატყობ დარია და გადაღებას დილიდან ვიწყებთო. ხვალ ღალატი არ იყოსო. დილით ჯგუფი გადაღების ადგილისკენ გაემართა. ბოლო მოსახვევიდან კარგად გამოჩნდებოდა ის ნაწისქვილარი ხევისპირი, სადაც ფილმში გადასაღები ფაცხა დაიდგა. ზაქრომ ზედ მოსახვევთან მძღოლს მანქანა შეანელებინა, უნდოდა აქედან თვალი მოევლო, შეემოწმებინა, როგორი გამოჩნდებოდა ფაცხის გარეშემონი და თვით ფაცხა. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ხომ არ აერია რამე? ადგილი ხომ არ შეეშალა? ადგილზე ფაცხა ვეღარ შეამჩნია. ამ დროს წინწინ წასული ფილმის დირექტორი შეშფოთებული და აყვირებული უკან შემობრუნდა, ჩამოხტა მანქანიდან, ზაქროს მივარდა. ფაცხა დაუწვავთო ატირებული ყვიროდა. _ როგორ თუ დაუწვავთ?! _ შეკრთა და აილეწა რეჟისორი. ჩანახშირებულია ყველაფერი, _ სიმწრით გაიმეორა დირექტორმა. ზაქრომ გახედა იმ ალაგას, მართლაც ჩაფუფქულ ჩანახშირებულ იქაურობას მხოლოდ ფუტები ასდიოდა. ეტყობოდა, ფაცხა ვიღაცას ღამით დაეწვა. ეს აშკარა იყო, _ ვიღაცას განზრახ დაეწვა. წაქროს თავის სცენარში ფაცხის ეპიზოდი მართლაც მძაფრად ჰქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ ამ შემთხვევამ რაღაც ახალი ელემენტი უკარნახა და საღამოთი განმარტოვდა, _ ხელნაწერს მიუჯდა. გადაწყვიტა ფაცხა, რომელსაც ფილმში მოქმედი ძმებისაგან ერთ-ერთი (ცოლ-შვილიანი, უკარმიდამო) თავისუფალ ნაკვეთზე უნებართვოდ ღამით დადგმას, რაიკომმა კი არ დაუწვას არამედ რაიხელისუფლებამ უბრალო საშუალებებით დაანგრიოს, როგორაც ხშირად მომხდარა `განვითარებული სოციალიზმის ვითარებაში~. ფაცხის მეორედ აშენება _ დადგმას კაი ათი-თორმეტი დღე დასჭირდა. ადგილიც სხვაგან ამოირჩია ზაქრომ. ნაწისქვილარმა რატომღაც გააღიზიანა ვიღაცები და გააჯავრა რაიხელისუფლება, _ უხეირო და უიღბლო გამოდგა. ეს `სხვაგან~ სოფლისკენ აღმა ამავალი გზის ერთი მოსახვევით მოხაზული, ისევე ცარიელად მიტოვებული მართლაც ხარის შუბლისსიფართე ნაკვეთი იყო. რაიკომში ზაქრომ ფილმის დირექტორი გაგზავნა. აუხსენი მდივანს, ფაცხა კინოში გადასაღებად გვინდა. გადაღების მერე თავადვე ავიღებთ და ახლა ხელს ნურავინ შეგვიშლისო. რომანი, ფილმის დირექტორი, სიტყვა-პასუხიანი კაცი იყო და ზაქრომ ამიტომაც ასეთი მისია მას მიანდო. მელოტი საოცრად კეთილღიმილიანი, ოდნავ ჩასუქებული, მაგრამ ტანაკრეფილი, მაძღარი, შინაგანი კმაყოფილებით პირმოწყული პირველი მდივანი მარტოდმარტო იჯდა ხის მოჩუქურთმებულ მაღალზურგიან სავარძელში და გრანდიოზული მაგიდის ზემო მარჯვენა უჯრაში რაღაცას დიდი დაბეჯითებით ითვლიდა. კარი შეიღო თუ არა, უჯრა უმალვე შეაჩოჩა, თეთრი ფაფუკი ხელები მაგიდაზე დააწყო და შემკრთალ-შეციმებული დიდრონი თვალები მოსულს შეანათა. რომანი დინჯად, საქმიანად მიესალმა. დაჯდა, მდივანმა სადღაც ქვეშეთში ხელი შეჰყო, ეტყობოდა, ზარის ღილაკს თითი ჟაჰკრა, კარი მაშინვე გაიღო, გოგონამ შემოიხედა, პირველმა მდივანმა რისხვიანი მზერა ესროლა, ჰო, აქა ხარო. საყვედურივით იკითხა და ანიშნა, მიიხურე კარიო, რომანი ბველაფერს მიხვდა. _ ფაცხა კინოში გადასაღებად ავაგეთ, ამხანაგო მდივანო, გლეხის ეგონათ, დაგვიწვეს. _ ჩაიცინა, _ ახლა მეორეც არ... _ როგორ ფაცხა თქვენი იყო? ჰმ!.. _ ჩაერთო მდივანი. _ აღარ ღირს ახლა მაგაზე ლაპარაკი. ჩვენი თხოვნაა, ის, მეორე გადაგვაღებინონ. _ რა მიზნითაა ფაცხა ფილმში? _ ფხიზლად იკითხა რაიხელისუფალმა. _ გამოგონილია, ბატონი. ყველაფერი... _ სცადა რომანმა გაეფანტა ეჭვი. _ სადღაც ფანტასტიკურ მთის სოფელში ხდება ამბავი. მეხუთე ძმას, ხომ იცით, უმიწობის გამო, აღმასკომი სახლის ჩასადგმელ საკარმიდამო ნაკვეთს ვერ აძლევს. მრავალშვილიანი ოჯახია. მეხუთე ძმა იძულებულია ღამით, მალულად, ერთ ცარიელ ნაკვეთში ფაცხა ჩადგას. _ მერე? _ დაინტერესდა მდივანი. _ ისეთი არაფერი... მეორე დღეს ხელმძღვანელი დაუშლის. იმიტომ რომ ნაკვეთის გამოყოფაზე და კომლობაზე დადგენილება არ ჰქონდა. ორჭოფულად ჩაიკისკისა მდივანმა. _ სეირი ხალხი ხართ `კინოშნიკები~... ისე ჩვენს რაიონში მაგფერები რომ არ ხდება? _ თან ეჭვიანი თვალი მოავლო რომანს. მგონი რაღაცა მსგავსი რამე გაიხსენა. ფანქარი დუყით დააკაკუნა მაგიდაზე. კაი მამაძაღლები არიან ესენიო, გაიფიქრა წამით. რაღაცას მიწყობენ, თავს მჭრიან მათი აზრით, იყო ერთი თავხედი, კოლექტივის ვენახთან ჩააპარა ღამით ფაცხა. მარა დილაზე დავანგრევიე და დავყარე ცოლ-შვილით ხმელ მინდორზე ეკუთვნოდა კიდეც. _ თქვენი რაიონი რა შუაშია, ბატონო, _ თქვა რომანმა. _ არა, მაგრამ მაინც... ფანქარი ისევ დააკაკუნა მაგიდაზე მდივანმა. _ ჰოდა, ჩვენი თხოვნაა დაგვეხმაროთ. არავინ შეგვიშალოს ხელი, გვაცალონ გადაღება. _ კი, ბატონო. _ მოჭრა მდივანმა და ტიტველ თავზე თითებში გაჩხერილი ფანქარი გადაისვა. იმ დღეს იმუშავეს და მთავარი მოქმედება გადაიღეს. მაგრამ მეორე დღისათვის სამუშო მაინც დარჩათ. რაიონულ სასტუმროსთან შესაღამოებულზე რომ მიაღწიეს, იქ ხალხი ირეოდა. რაიკომელი ბიჭებიც კარგად იცნო მათში ზაქრომ. ვიღაცა კიბეზე შემდგარ-ამაღლებული შეკრებილთ ხმამაღლა ელაპარაკებოდა (ეს ის დროა, როცა თბილისური ცხრა აპრილი უკვე განვლილია, მიტინგომანია ყველგან მოედო, კომპარტიული ძალაუფლების ერთგულნიც თავისას ჯახირობენ). ორატორი კიბის საფეხურიდან: _ რეჟისორ-დამდგმელი წარმოშობით ჩვენი რაიონელია და იგი ჩვენ გვარცხვენს, დაგვცინის... ასეთ, ჩვენი ღელის სალანძღავ ფილმს და ფირს აქედან არავის გავატანთ... ოვაცია და შეძახილებიც გაისმა. გაოგნებული, დაბნეული და განადგურებული წაქრო ძლივს ადის კიბეზე. ძალას იკრებს, ღელვას იოკებს, ორატორთან დგება და ჩახველების შემდეგ ხმაგაბზარული ამბობს: _ ძმებო, მეზობლებო, ეს რა გავიგონე, არ დაიჯეროთ... რას ჰქვია დაცინვა, ვის, საკუთარ თავს, საკუთარ მშობელს დავცინი? მე მინდა, პირიქით... (ხმაური, შეძახილები _ `არ გვინდა!~, `შეწყდეს გადაღება!~) ეს პირველი ფილმია ამ მიწის შვილისა. მხოლოდ სიყვარულია, მეზობლებო, მხოლოდ... (მაგრამ ხმაურმა სიტყვა შეაწყვეტინა). ზაქროს ღონე წაერთვა. გული შეუღონდა, ხასიათი წაერთვა, მოიშალა. გაჩუმდა, ნაწყენი და გულგალახული ავიდა თავის ოთახში. ფანჯარას მიადგა. აჭარისწყალი ჩვეული ფქაშუნით მილიკლიკებდა გლუვ ქვებზე და შეღამების მუქ ლანდებს კანკალით მიათამაშებდა. სიჩუმე და სილამაზე სინაზეს და სიყვარულს ითხოვდა. რაც ჩანდა, თავად იყო მოფერება. რაც ჩანდა, დედის სახესავით სანდო, სათნო და სევდიანი იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი