სკოლა და მედრესი
იმ წელიწადს სექტემბერი თავიდანვე ცივი დაიჭირა. საკვირველი ის იყო, ზედ პირველ სექტემბერზე მისვლამდე სულ დანდაგი პაპანაქება იდგა. ყვედაფერი სიცხემ დაბუგა. მრეში ალმური ასდიოდა მიწას. დედაჩემი ძმის დასაფლავების შემდეგ შესამჩნევად შეიცვალა, თვალები სულ ჩაუშავდა, სულ ჩაუღამდა, ჩაუცვივდა. დღე-ღამე შავი თავშალი, ან შავად შეღებილი იაზმა მაგრად ჰქონდა მოხვეული თავკისერზე. ხშირად განცალკავდებოდა, მამაჩემის შიშით სადღაც კუთხეში შეიმალებოდა და იქ ხმადაბლა ტიროდა მწარედ. კვნესით, ვიშვიშით, ქვითინით დიასახლისობდა შინ, ცეცხლს აჩაღებდა ბუხარში, კარდლებს რეცხავდა, მჭადს აკრავდა. ახორშა ძროხას წველიდა თუ ხეტარს ატრიალებდა, სულ განუწყვეტლივ ქვითინებდა. თავისთვის რაღაცას წვით, დაგვით იმეორებდა. სიტყვების გამორჩევა-ამოხსნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ხომ ვიცოდი რა ეწვოდა, ისიც შესამჩნევი იყო, თუ როგორ თანდათან ჯავრით და უკმაყოფილებით ივსებოდა მამაჩემი, გარკვეუო დრომდე ითმინა და უთანაგრძნო დედაჩემს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს დედაჩემის უსაშველო წუწუნი, ქვითინი, ცრემლისღვრა მობეზრდა. ერთხელ, ტაბლა-სუფრის დადგმისას, დედაჩემი რომ დამალულად კურცხლებს იმალავდა და თავსწაკოჭილ იაზმას თვალებზე იფარებდა, მოთმინებაწართმეულმა მამამ იჭექა: _ გეყო ამდენი, ქალო! შემარგე ორი დღე სიცოცხლე! ჩემ სახლში ცრემლივით წუთხე და მწარეა ყველაფერი. ვაი! ტირი, ტირი, ტირი, აღარნა გათავდეს?! მე რას მატირებ მემრე, ჩემი ბრალია თუ?! _ ახლოს მივიდა, გაცეცხლებული თვალებით შეაშტერდა ქალს და კვლავ დასჭექა. _ შაეთრიე და იქ იტირე. აქ, ჩემს სახლში, ნუ დამიბეჭედ ტირილს. ჰო, ასე ეს! სექვეზე დაჯდა, მიბრუნდა, ბუხარში შეაფურთხა. მჭადს ყუა მოატეხა და უკბილო პირში კაიხანს ლუკმა გაჭირვებით ატრიალა. მერე რაღაცა მოუხერხა, ხის კოვზით ჯამს ცოტა ლობიოც მოფხიკა, ისიც ტუჩებით, უგემურად მოხოცა და წამოდგა. თავად მამაჩემიც მიწასავით, ყანა-ბაღჩებივით გამოგვალულ-გამომშრალ-გამომხმარი, გარეთ გავიდა და მოწყენილ ბუნებას შეერია. წყაროები დაიწრიტა, წყლები დაპაწავდა, მდინარე აჭარისწყალი ისე დაილია, ფეხსაცმული ქვებზე ხტომით, გამოღმიდან გაღმა გახვიდოდი. ბაბაი ჩიოდა, ამისთანა ყიამეთი გვალვა არ მახსოვსო. ყურბანი (ხარის შეწირვა) ვერ ავასრულეთ და ღმერთმა დაგვსაჯაო. ვერ დავკალით კი არა, არ დაგვაკვლევინესო.უფრო სწორედ რომ ვთქვათ, შიშით ვერ დავკალითო, ამბობდა. სოფსაბჭოში იმფერი ბლაყვი დაჯდა, ვერას მიახვდენ, არას მოგისმენს, სუყველაფერი, რაც ძველია, აქაურია, ხალხურია, აშინებს. მაგრამ ღმერთმა მოასწროს კიდევ ერთი ზაფხული და უყურბანოდ (ხარის შეუწირველად) არ გაუშვებს. სოფელ დუბის თავში, ზეგანში, ერთადერთი წყაროს წყალია, მაწყურალი, სხვა წყალი არ არსებობს. ამიტომ იმ წყაროოს ყოველწლიურად ხარს წირავენ დუბელები. თავიდანაც, აქ სოფლის გაჩენის დღიდანაც, ხარის მიერ გათხრილ-ამონახეფქი ეს წყარო. მოწყურებული, საქონელს ერთი დიდრქებიანი შავი ხარი გამოჰყოფია, გაგულისებული, გადელებული დაჯახებია დედამიწას იმ ზეგნის ძირში, რქებით გაუპია წიაღი და იქიდან, სიღრმიდან, უცებ, წყარო ამოხეთქილა. პირველი ის შავი ხარი დასწაფებია პირველივე თქეშს, დედამიწის გულიდან ამონახეთქს, იმდენი უსვამს, იქვე დაბნედილა ხარი, გული კი არა, სულ გახეთქილა საცოდავი, იქვე წყაროსთან წაქცეულა. ამის შემდეგ, ყოველ ზაფხულს, აგვისტოს თვეში, დუბელები, ერთ გვალვიან ცხელ დღეს, სოფლის თავზე, წყაროსთვალზე, ერთ შავ ხარს კლავენ. ასე იყო ალბათ, წარმართობისას, ასე იყო ქრისტიანობისას, ასე ხდებოდა გვიანაც, მაშინ, ისლამმა რომ აქ ფეხი მოიკიდა. მახსოვს, აგვისტოს ბოლო დღეც ძალიან სიცხიანი იყო, თუმცა მე სულ სხვა სიცხე მაშფოთებდა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს, პირველად სკოლაში უნდა წავსულიყავი. სკოლიდან კი, როგორც მაშინ ჩვენში დადგინდა, მედრესეში უნდა გაგვევლო და იქ, მოლასთან დერსი (გაკვეთილი) გვემეცადინა. ვხედავდი, მნსმოდა, ჩვენს ბალღებს მედრესე იმდენად არ იზიდავდა, უფრო სკოლისაკენ მიუჩქაროდათ გულები, მაგრამ ამას აშკარად ვერც კი იტყოდნენ, რადგან ზოგ მორწმუნე მშობელს, შვილის სკოლაში გაშვება ცოდვად მიაჩნდა. გიაურების სკოლას ეძახოდნენ სოფლის ამ პატარა ფიცრულს, ზაფხულში საყდრის გადმოღმა, ფერდობზე რომ ააგეს და ახლა პირველად შეაღებენ კარს. ერთი კვირის წინ ახალი მასწავლებელი მოვიდა, ახლა უკვე მამაკაცი, დათიკოს ეძახდნენ, `გებრა~ (კოზირიანი ქუდი) ეხურა. გებრას კოზირი, წინ გაშვერილი ბზეკია იმიტომ გაუკეთესო, იტყოდნენ ჩვენი მოხუცები, კაცმა მაღლა, ცისკენ, ღმერთისკე, რომ აიხედოსო. ამიტომაც გებრას მხოლოდ ღმერთის ურწმუნო იხურავსო. ზოგიერთი ჩვენი სოფლელი ბიჭი ხიდზე ჩავიდა, სოფლსაბჭოსთან, ბათუმის შარაგზაზე რომ დახვედროდა ახალჩამოსულ მასწავლებელს და აღმართში ბარგის ამოტანაში მიხმარებოდა. მე დავინახე, როგორ გაიპარა მურთაზიც. წალდი გამოირჭო ხვანჯარში და ნენეს დაუბარა, ტყეში კვენდღებზე (წნელები) მივალო. სინამდვილეში, წალდი დაბლა, ფიჭვებთან, ქურცხებში დამალა და ისე ტყე-ტყე ხოზან-ხოზან, სირბილით მირიგზაზე (შარაგზა) ჩავარდა. რაღაც უცნაურად გადარეული და აღელვებული მეჩვენებოდა იმ დღეებში მურთაზა. ლოყებზე, ნიკაპზე და წაწითლებულ ცხვირქვეშ ზედა ტუჩის მინდორზე ახალი, მეჩხერი, ლინგი (ლბილი) თრაში (წვერი) ამოსვლოდა, იმ დილაზე კი, სოფელში ვიღაცასთან ის თრაში გააპარსვინა, ოღონდ ზედა ტუჩზე ულვაში გამოიშენა. თუმცა, უნდა ითქვას, ჯერ ულვაში არ უჩანდა, არ ემჩნეოდა, მაგრამ ოდნავ, მურწასმულივით, მოშავო ლაქად მაინც ეტყობოდა. ეს უკვე მისი დაკაცების ნიშანი იყო. იდგნენ ბაღნები თურმე მთელი დღე იქ, ხიდთან, შარაზე და ბათუმიდან ამომავალ `გურძავიკებს~ (სატვირთო მანქანები) ხვდებოდნენ. არცერთზე ჯერჯერობით მასწავლებელი არ ჩანდა. ბოლოს ერთი ხოლხი (მორყეული) ავტომანქანა, რაღაც ტომრებით დაზვინული შედგა, ძარადან კაცი გადმოხტა, შოფერს მივარდა, კითხა _ დუბე ესააო? _ კიო, _ უპასუხა შოფერმა. ბავშვები ახალმოსულს შემოესიენ. მურთაზი განზე იდგა. როცა მოსულმა თქვა, დუბეში მასწავლებლად გამომგზავნესო, მურთაზის წყენა შევატყვე. მალე აითესა კიდეც. ისევ ტყე-ტყე, ხოზან-ხოზან ამოიპარა შინ, წალდი ქურცხებში დავიწყნოდა. ბაღნებმა თქვეს ქეთოს არდაბრუნება ეწყინა მურთაზასო. ნენეი შეეკითხა, სად წაიღე წალდიო... ე, მაშინ კი გაიქცა უკან. მთელი თვე ისე მოწყენილი დაიარებოდა. პირველი სექტემბერი ქარის ქროლვამ გაათენა... ნასიცხარი ხეები ადიდებულ მდინარესავით აგრიალდნენ, მეგონა, ქვეყანას ლანქრებმა გადაუარეს-მეთქი, პირამომშრალი, გადაბუგულ-გადაფშეკილი ყანა-ბაღჩები და კაპანი ტიალები ქარმა უცებ აამტვერა, ააბუღა და ცაში ასროლილ კორიანტელში ჩალის ფოთლები, ბზე, კუწუწო, ნედლი ჟვეროებიც კი ერთიმეორეს ეხვეოდნენ, დაფრიალობდნენ, თანაც სულ მაღლა-მაღლა მიისწრაფოდნენ. მგონი ჩვენს მამალზე ადრე გამომეღვიძა. ფადიმე და ნენეი ძალიან ეცადნენ, რომ რაცხაფრად, სკოლაში კოხტად გამოწყობილი გავეშვი. ხან მარჯვნით, ხან მარცხნით მატრიალეს. გამოცვეთილი ღაზლის წინდები დედაჩემს ღამით ამოეკემსა, გაერეცხა, გაეხალისებინა და ფეხებზე ამოცმულს ახლა ქუსლებზე მაწიწავდა, ყავრის ყალიბზე ჩამოცმა დავიწყნოდა, სველი წინდები ისე დაჯღურკულები, პირდაპირ აივნის ხმელ ქარში გამომშრალიყო და ასე დაგრეხილ-დავიწროებულ ძველ გალიფეზე, საჯდომზე რომ ორი გამოცვეთილ-გამოქლექილი ეტყო, დედაჩემს ღამით ორი საკერებელი დაედო. ისე ცდილიყო, მართლაც, ნაკერი არ ემჩნეოდა, მაგრამ თვით ახალდანაკერები ნაჭრები იმ გახურებულ-გადახეხილ ტილოზე ისე მკვეთრად გამორჩეულიყო, გეგონებოდა, ლობიოს ორი დიდი ჟვერო მიკვროდა. ეს ცოტა ვიწყინე, მაგრამ ხმა გავიკმინდე, _ შევშინდი, არა თქვან, ამფერი თუ სკოლაში არ წაიყვანება, _ მოვიცადოთ, როცხა ახალ შარვალს შეგიკერავთ, მაშინ წახვალო. უმალ გავსწორდი წელში, ოდნავ შებაყლული მუშტები თვალის უპეებში ამოვისვი და აჩქარებულმა დედას მივეშველე: _ კაია, ნენა, კაი, რა უშავს. _ ახლა ზეიდამ იმ ბლუზასაც რომ ჩაგაცვამ, გარედან გულუშვებ და მაგ საკერებლებს დაგიფარავს, შვილო. _ დამამშვიდა. ბლუზა შრობაში ოდნავ კიდეც დამოკლებულიყო, როცა ჩამაცვეს და ზედ ვითომ სილამაზისთვის დედაჩემის დაძველებური ჩარბაღიც (წელსაკოჭი) შემომიჭირეს, მთლად დამოკლდა, საჯდომის საკერებლებამდე ვეღარ ჩაწვდა. ამიტომ ის ორი, დიდი, ლობიოს ჟვერისხელა დანაკერები, ისევ და ისევ კარგად ჩანდა. გალიფეს გალიფისა აღარაფერი ეცხო. იქით-აქეთ გვერდებზე გაშვერილი ფარფლები, რაც ასეთი შარვლის მთავარი შნო და პეწია, დაჩუტულიყო, დაწირეხილიყო, ფარფლებს ქვემოთ, მუხლისთავებიდან მოყოლებული კი, დედას გვერდებში გრძელი ნაწიბურები ჩაშენებინა, რადგან შარვალი კანჭებში ისე იყო დავიწროებული, ჭლიკებზე არცკი ჩამომეცმებოდა. ღაზლის წინდებს კი ფადიმეს ნახმარი, შარშანდელი წუღები შეურჩიეს. ქვეშ, ძირები ორ-ორ ალაგას გამოცვეთილი და გამოხვრეტილიყო, მაგრამ მამაჩემს საქალამნე ტყავისაგან ტყლაპ-საგებლები ისე ზომაზე გამოეჭრა და შიგ ისე ჩაეგო, ვერაფერს შეატყობდი. გულში ცოტა არ ვკადრულობდი გოგოს წუღებით სკოლაში მისვლას, თუმცა იმის იმედიც მიბჟუტავდა, ბაღნები ამას მაინც ვერ მიხვდებიან-მეთქი. ჩანთა კი სრულიად ახალი მქონდა. იგი ჯერ კიდევ შარშანწინ, ზიქრის ბოხჩის საკაბეებს რაც მორჩა, პაწ-პაწა ნაჭრები, აი, იმ ნატურჭლებისგან შუათანა დამ გამომიკერა მშვენიერი ჩანთა. მართალია, სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შედგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონდა, ძალიან მელამაზებოდა. ისე გემოზე გაანაწილა ზიქრიმ სხვადასხვა ფერის ნაჭრები და ისე შეკერა, გეგონებოდა, ქსოვილი მთლიანია, ერთია, ოღონდ ნაირნაირი ფერებითაა მოჩითულიო. წიგნიც ფადიმეს ნახმარი მერგო, სხვა, ახალი არც იშოვებოდა, არც უცდია მამას ეძებნა, რადგან არც იცოდა, სად შეიძლებოდა ახალი სახელმძღვანელო ეპოვნა. ფადიმეს წიშნი თითქოს ახალივით იყო. მახსოვს ის წიგნი, დაწყებითი სკოლების ქართული სახელმძღვანელო, ჩვენთვის, აჭარელი ბაღნებისთვის, ცალკე შეედგინათ. შიგ ჩახატულ ბიჭებს და გოგონებსაც, კაცებსაც და ქალებსაც მუსლიმანური სახელები ერქვათ. ჯემალი, რეჯები, ყედირი, მერჯანი, აიშე, ასიე, ფატყუმე, მერიემი და სხვა. ხოლო ღორს, ღინოს, გებრას, ჯვარს და სხვა ამისთანა საგიაურო რამეებს აქაურებისთვის გამოცემულ ქართულ წიგნში ვერსად ნახავდი. იმჟამად გულში, ჩემთვის, ბაღნურად მართლაც ხშირად მიმსჯელია და თავისთვისაც გამიმხელია, _ წიგნში, მართლაც ღორს რომ არ გვიხატავენ, ეს ძალიან კარგია-მეთქი, ვიღაცის ღორი ერთხელ უკვე ნახული მყავდა ქედის ხიდქვეშ, ჭუჭდიან წუმპეებში დაჭყლაპუნობდა. დაბლა დაშვებული ძუძუებიანი, ისიც შავ ტლაპოში ამოვლებული, უშნო მუცელი დაძველებულ, დაჩუტულ გუდასავით აქეთ-იქით კორწიალობდა; მახლობლად ფეხს, ფეხსალაგიდან ჩამოთანთლული ნეხვწყალი რომ სქლად ჩამოდენილ-ჩამოღვარულიყო, სწორედ იქით მიეშურებოდა ის ღორი ღრუტუნ-ღრუტუნით. იმ სურათს რომ გავიხსენებ, ახლაც გული მერევა. თავს მაშინ ვეუბნებოდი, _ ნუთუ არ შეიძლება ღორსი უმელაი კაი ქართველი იყო? ღვინოის გემო ჯერ არ გამესინჯა, მაგრამ სურვილი მისი გაცნობისა იდუმალად მაწვალებდა. გებრა-ბუდი კი სხვისგან სულ მშურდა, ვამბობდი, კოზირი ღმერთს რაგვარად აეფარება? ღმერთი, კი, ზეცაშია, მაგრამ ჩვენ-ჩვენი აღმართი ხომ ყველას ჩვენივე გულში გვყავს? ხომ ამას მასწავლიდა ნენეი ყოველთვის? კოზირი სწორედ საჩვენებურო თავსახურის (ახლანდელი თქმით რომ გითხრათ) ატრიბუტად მიმაჩნდა. იგი აქაური ზაფხულის უებარი ქუდია, _ შუბლზე, პირზე ეს ჩვენებური გიჟი მზე ვეღარ დაგვაჭერს, თვალებსაც ყველგან ყოლაი (ადვილად) აახელ და ასეც, კარგი გებრა კაცს კაცად გამოგაჩენს. მამაკაცურობის იენის მოგანიჭებს. ჯვარი? ჯვარი კი, მგონი, რატომღაც მეცოდებოდა, მებრალებოდა, იგი პირველად ქეთო მასწავლებლის ყელზე დავინახე. სეირი ის იყო, რომ ვერცხლის ხოროშ ძეწკვზე გამოკიდებული ციცქნა, ციმციმა ჯვარი, ქეთო რომ ყელზე ჩამოკიდებულს დაატარებდა, აქ, სოფელ დუბეში ეშოვნა. სახელდობრ ვისგან იყიდა, ეს არავინ იცოდა, ვერც ვერავინ გაარკვია. ისე კი, როგორც გვიან გავიგე, აჭარაში, ზემომთის სოფლებში ახლაც ბლომად იპოვნება უძველესი ვერცხლის ქართული, ქრისტიანული ნაკეთობანი, სამკაულებიც და საოჯახო ჭურჭლად სახმარი ნივთებიც. ვერცხლის სამკაული და ჯამ-ჭურჭელი მუსლიმანობის შემოსვლასაც ბლომად მოჰყვა, გულსაკიდები, მდიდრულად მოხატული არაბი. თურქი, ირანელი ოსტატებისაგან, ქალის მძიმე, უსაშველოდ სქელი და ფართო ქამრები, ათასი ჯურის სამაჯურები, ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლის საყურეები, ვერცხლის გვირგვინები, ვერცხლის საათები, ვერცხლის ზედაპირებზე ამოტვიფრული მთვარე და ვარსკვლავი უხმაუროდ და უჩუმრად, ყოველჟამს ეხახუნებოდა ნახვარევ გულმკერდებს. მიყვარს ადამიანის ხელზე და სხეულზე გამუდმებული ხორხიალით გაცვეთილ-გალეული ვერცხლის მძიმე, ძველი ქმნილებანი. წარსულის ეროვნულ თავისთავადობაზე თუ წინაპართა დიდოსტატობაზე რომ მიუთითებს და თანაც თავისთავში აქაურთა ქართველობის გაუბზარავ სევდას რომ ატარებს. ქეთო მასწავლებელს ყელზე მარტო ძეწკვი მოუჩანდა, ჯვარი კი, ხშირად, კაბაში ჩამალული ჰქონდა, მართლაც, მაშინ მასწავლებელს როგორ შეეძლო ჯვარი აშკარად ეტარებინა. ეს ხომ ახალი საბჭოური ცხოვრების საწინაამდეგო რამ იქნებოდა? აი, იქიდან დამჩემდა, დამეტყო ამნაირი რამ: ჯვარი მებრალება, თუ მას უდიერად ეპყრობიან, ქეთო მასწავლებლის ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს, კაბაში, მკერდზე რომ ჩაცურებული, მურთაზი ყოველთვის შემკრთალი და ალეწილი შეხედავდა, ქეთრ რამეს ჰკითხავდა, რამეზე დაელაპარაკებოდა, იმ დროს მურთაზი მასწავლებელს პირზე კი არა, ყელზე მიბნედილ ვერცხლის ძეწკვს და კაბის გულისპირში სანახევრად ჩამძვრალ, განაბულ ჯვარს შეშტერებოდა. იგი ჯავრით ირეოდა, როცა ვერცხლის ჯვარზე მკლავებგაშლილი, ტიტველა მამაკაცს გამოსახულებასაც თვალს მოჰკრავდა. თურმე ის ქრისტე იყო. მაგრამ მერე, როცა ამიხსნეს, ჯვარი რას ნიშნავს, ესე იგი, როცა მასზე მილურსმნულ ქრისტეზე მომიყვნენ, ჯვარი აღარ შემბრალებია. მებრალებოდა უკვე მერიემის (მარიამის) წამებული ბიჭი, ღისა (ქრისტე). ეს ამბავიც დედამ მითხრა. ჰოდა, იქიდან მოყოლებული სულ მიკვირს, რასაც მოციქული დააკრეს და დაალურსმნეს, რატომ უნდა უყვარდეთ? ეს ხომ იგივეა, სახრჩობელა გიყვარდეს? იყვარდეს ის, რამაც შენი უწმინდესი სულიერი მოძღვარი, ადამიანთა სიკეთის მატარებელი სულის მქონე კაცი, მოაკვდინა. საოცარია, გამუსლიმანებულმა ჩვენებურმა რომ ჯვარი მაინც ვერ დაივიწყა, ხეს ხვეწავს, ძაფით ქსოვს თუ ჭადს აკრავს, ყოველთვის ნახატ-ნახაზებში სტიქიურად ჩახლართულ ფიგურებში, შემაჯამებელი, გამაერთიანებელი ცენტრალური მაინც ჯვარია. იმ პირველ დილას, სკოლაში ფადიმე წამყვა, გზა მეჩეთის მხრიდან იყო, ადიოდა საყდარ-გორაზე, იქ, კორტოხაზე, კოხტად იდგა პატარა, ოროთახიანი, ყავრით გადახურული ჩვენი ახალი სკოლა. როცა მივუახლოვდით, მომეჩვენა, სახლი ქანაობდა. ეზო ბაღნებით მოფენილიყო, ჟრიამული და ყვირილ-ჭყიპინი იქაურობას ანგრევდა თითქოს, უფროსკლასელები, უფრო გაჩვეულები და, რა თქმა უნდა, უფრო გაბედულებიც, უფრო არხეინად და ბატონკაცურად იქცეოდნენ. ისინი აქაურობას სრულუფლებიანად დაპატრონებოდნენ ახალმოსულები კი, თანმოყოლილი უფროსების თანხლებით, ჯერ ეზოშიც ვერ შესულიყვნენ და, აგერ ახალგათხრილ გზის დაუტკეპნელ, ნედლ, აფუებულ გოროხებში იდგნენ და თვალებით მასწავლებელს ეძებდნენ. ამ დროს, თავმჯდომარე, ჯემალ ბიძია, გამოჩნდა. გაარღვია მოთამაშე ბავშვების ჯგრო და სკოლის აივანზე ააბიჯა. იქ დათიკო მასწავლებელიც შემოხვდა. ეზო მიჩუმდა. თავმჯდომარემ რაღაც ჰკითხა, მასწავლებელმა თავი დაუქნია და თვალი ეზოს მოავლო. მეგონა მე და ფადიმესაც შეგვხედა, ხელიც გამოიშვირა ჩემსკენ და გული შემიჩქროლდა. ვიღაცამ, მეწინავემ ხელი დაიქნია და ჩვენი ახალმოსულების კოლონა, მშობლებზე და უფროს და-ძმებზე ხელებჩაკოჭილები, ნელ-ნელა დავიძარით. მასწავლებელი და თავმჯდომარე რატომღაც იცინოდნენ. ამან კი მე ძალიან გამახალისა და რწმენა შემმატა, ფადიმე რომ დამტოვებდა, მარტო აღარ შემეშინდებოდა, მაგრამ რამდენიც მივუახლოვდით, ფადიმე სვლას ანელებდა, ცხვირ-პირს უფრო და უფრო იხვევდა, რომ ღია ყელი, პირსახე უცხო მამაკაცისთვის არ ეჩვენებინა. ეი, შენ ვინ დაგავალა უცხოს დაერიდეო, შევუყვირე, კაჩაში ხელი წამიჯიკავა, შენ ამას არავინ გკითხავსო. თერთმეტი წლის ფადიმე უკვე ქალობდა. დათიკო მასწავლებელს შორიდან პირახვეულმა უკარნახა და წააწერინა ჩემი სახელი და გვარი, მერე თვალთაგან გამიქრა. გრძელ, ვიწრო, `ბალკონს~ შუაზე მხოლოდ ერთადერთი ორსაფეხურიანი საცალცეხო კიბე ჰქონდა. იგი დიდხანს არ მომიწევდა, ამიტომ გავნებივრდი, ვეღარ მოვითმინე და ეზოდან პირდაპირ `ბალკონზე~ ავაბიჯე. სადღაც დაბლა ჩემმა გალიფემ უსინდისოდ გაიპრაწუნა. უმალვე საჯდომზე მოვისინჯე, მაგრამ, მადლობა იღბალს, იქაურობა საღლამი დამხვდა. გაფხრეწილი, შევატყვე, უფრო აღარ ვჩიოდი. დათიკო მასწავლებემა შემომხედა, კეთილად გამიღიმა, მგონი, ჩემი გალიფეს ღალატს მიხვდა და იმ ერთი ღიმილით ვითომ მითანაგრძნო, თან ჯიბიდან პატარა ეჟვანი ამოიღო, ყუნწით მაღლა შემართა და ააწკრიალა. ეს ეჟვანი მეცნო. ეტყობოდა, ვიღაცამ შინიდან მოიტანა. ზიანქარ თხას რომ ჰკიდებდნენ კისერზე, სწორედ ისეთი ეჟვანი იყო. მერე გავიგეთ, _ ეჟვანი სკოლის დარაჯს, ზენჯირას მოეტანა. დარაჯს სკოლაში მოსვლამდეც ვიცნობდი. მას ზექერია ერქვა, მაგრამ მეტსახელად ზენჯირას (ჯაჭვს) ეძახოდნენ. თავად ზექერია ზენჯირივით გრძელი და ჟღარუნა სულაც არ იყო. სიკრიკაკალასავით პატარა და დამრგვალებული ჩანდა. მიდღემში წვერი არ გაეპარსა ალბათ. ბალნები ღაწვებზე ბანჯარასავით ბუჩქად გაზრდოდა და, ეტყობოდა, ეკლებივით ესობოდა, სახეზე კბენდა, _ გამუდმებით იჩიქნიდა და იფხანდა ყელს, ზენჯირა, ალბათ, ისე სახელთან შეხმიანებულობის გამო თუ შეარქვა ვიღაცამ. მაშინ ვერა, მაგრამ მერე, გვიან ვიგრძენი და მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ხალხი შეუცდომლად, ზუსტად პოულობს ამა თუ იმის ხასიათს და შეხედულების გამომხატველ სიტყვას. ზენჯირას დარქმევაში ერთგვარი იუმორიცაა ჩაპარებული. ზენჯირი გრძელს გულისხმობს, ზექერია კი მოლეა, ჯაჭვი მაგარს, მტკიცეს, უტეხს ნიშნავს, ჩვენი დარაჯი კი სუსტი, უძლური, უბრყვილო იყო. ჯაჭვი ჟღარუნ-ხმაურობს, ზექერია კი მთელი დღე ხმასაც არ ამოიღებდა. იგი მარტო თავის ქნევით პასუხობდა. სკოლის ოთახებს დილა-იალუნზე დაგვიდა, ყველაფერს მიაკალიბებდა (მიალაგებდა) და მერე თხაში წავიდოდა. ზექერიას თხებზე ანეკდოტებიც ბლომად გამიგონია, მაგრამ იმხანად თხები კოლექტივმა დაუცოტავა. ამიტომ, ჩამოხნილი ეჟვნებიდან ერთი მასწავლებელს მოუტანა. იგი, ზენჯირა, თითქმის სოფელგარეთ ცხოვრობდა, ტყეში, ღარდა-ღურდებიდან და ნეკერთან ახლოს. იმიტომ, რომ საქონელი უყვარდა, უფროს სშორად, თხა-ცხვარის ყოლა უყვარდა. იმას ბლომად ჰქონდა ეჟვნები. როგორც კი სოფელში კალაიჯი (მკლავი) მოვიდოდა, როგორც კი ვინმეს ნალიისქვეშ საბერველი აფშაკუნდებოდა, ნახშირი აგიზგიზდებოდა და სპილენძის ჭურჭლის რაწკარუწკი ატყდებოდა, ზექერიაც იმ ნახშირებში, ფუტში გორაობდა, მისი ერთადერთი სატანჯავ-საზრუნავი სპილენძის ნაჭრებისგან თხებისთვის ეჟვნების გამოკვერვა იყო. ახლა კი კოლექტივის ფერმამ გარეკა ზექერიას თხები და კაცი იხსნა ყოველგვარი საზრუნავისაგან. ვეღარც იმ წინანდელ საძოვრებზე ვეღარ მიყავს თავისი ძროხა და ვერც ორიოდე შერჩენილი თხა. ჰოდა, მეზობლები ზექერიას ეუბნებოდნენ, რაღა გიჭირს ახლა, ზენჯირავ, დრო ბევრი გაქ, საქმე _ აღააფერი, იფხაი ახლა ეგ დაღრეკილი ღაწვი და იყავი რა! ზექერია ამაზეც უსიტყვოდ დაუქანებდა თავს და წვერების ჯიჯგნით სკოლის ეზოდან შინისკენ წაგორდებოდა. ორ ოთახში ოთხი კლასი მოეწყო. ერთში _ პირველი და მესამე, მეორეში _ მეორე და მეოთხე. ორივე ოთახში, ჯერჯერობით, ერთდროულად ერთი მასწავლებელი, მხოლოდ დათიკო, ასწავლიდა. ჯერ ჩვენთან იყო, მემრე _ იქით. როგორც კი იმათთან გადავიდოდა, ჩვენი ოთახი აფუჩფუჩდებოდა.მე საწყლად, მორჩილად ვიჯექი, მაგრამ ვინ გაცლიდა, _ ვიღაცა წამკრავდა თავზე, ან წიკპარტს ყურზე შემომკრავდა, მაინც ყველაფერს ვიტანდი. პასუხს არ ვცემდი, მაგრამ ისეთი იღბალი მქონდა, _ სხვა იხმაურებდა, იეშმაკებდა, მასწავლებელი ვერ შენიშნავდა.მე ოდნავ ხმას გავიღებდი, ჩემსას გაიგონებდა მაინცდამაინც. ოდნავ ხელს გავანძრევდი, ჩემსას დაინახავდა აუცილებლად. ამიტომ, გასუსუქი ვიჯექი და აქეთ-იქიდან, ვისაც როგორ მოეხალისებოდა, მიცაცუნ!მიზაპუნებდნენ. ერთხელ, აფლიკვინებული რომ შემნიშნა, დათიკო მასწავლებელი თავს წამომადგა, რა გინდა, ვინმემ ხომ არ გაგლახაო, მკითხა. ჰო-მეთქი, ვუთხარი ხმაჩაგუდულად და იდაყვი მოვიქნიე უკანა,მეზობელი მერხის მისამართით და ტირილი გულიდან ამოსკდა. ამაზე მთელი კლასი ახვიხვინდა. დამცინეს, შემარცხვინეს, ეს კარგად მივხვდი, მაგრამ რა მექნა, _ ნამეტანი დაჩაგრულად ვთვლიდი თავს და გული მტკიოდა, ვეღარ ვითმენდი, თუმცა მთელმა კლასმა რომ სიცილი დამაყარა, ავილეწე, _ ეს უკვე აღ არ ვიკადრე, ძალა მოვიკრიბე, გავმაგრდი. დათიკო მასწავლებელი ჩემს უკან მსხდომ მეზობლებს გაუჯავრდა, ისინი დატუქსა, ხოლო, როგორც კი თავად გვერდზე გადგა, ყურზე ახალი წკიპურტები დამიშინეს. ეს იმდენად არაფერი, _ შესვენებაზე, ეზოში დამესიენ და სულ ðშპიონი~ მიძახეს. მაგრამ დღეები დღეებს მიჰყვა და მეც ნელ-ნელა ვითარებას შევეჩვიე. ცემა-ტყეპასაც ეჩვევა ადამიანი, თურმე. ერთ დღეს ვთქვი, მოდი ახლა ცოტას მეც გავინძრევი და ვიღაცას მეც ვაგრძნობინებ, რომ მკვდარი არც მე ვარ-მეთქი. შესვენებაზე ვიღაცა რომ დამეჯახა, მეც დავეჯახე, დავეჯახე და მივაყუდე ღობეზე. ღობე ახალგაჭედებული იყო, ფამფალი დაიწყო და იმ ჩვენს ჭიდაობაში კიდეც წაიქცა. წაქცეულ ღობეზე ჩემთან მობურძღდავე ბიჭი დაეცა. იმას იუნუსი ერქვა და, ვიცანი, ყედირ ეფენდის ბადიში იყო. უცებ აყვირდა, ატირდა, აკივლდა. მთელი სკოლის ბაღანბუღანი იქ შეიყარა. იუნუსა, საჯდომით დაცემული, ღობის ლურსმანზე წამოკრულიყო ალბათ, _ სისხლი ჩამოსდიოდა ყიზმირის (ტილო) შარვლის ტოტებში და ქალამანზეც მთელი წვეთები ეტყობოდა. -დანა, მასტ, დანა! შუქრიმ ბაიბუთი ჩაარტყა იუნუსას, მასტ, _ მიაყარეს დათიკო მასწავლებელს. იუნუსა წამოაყენეს, ნაკაწრი შეუმშრალეს, ვიღაცა ციცამ ლეჩაქის ნახევი მოაფრიალა. ნატკენი შეუხვიეს. შემეშინდა. გავედი იქით და ტიალში ხელებდაწვებული გავჩერდი. მთელი ხალხი ჯავრით და გაოცებით შემომცქეროდა. მაგას იმისთანა მონადირე ბაბაი ყავს, უბებუთოდ შკოლაში არ მოვიდოდაო, ყველას გასაგონად ხმამაღლა ამოიძახა ვიღაცამ. ვთქვი, მოვწყდები ახლა ადგილს და გავქრები აქედან-მეთქი, მაგრამ ვითომ ფეხებზე ლურსმნები ჩამაჭედეს, ისე დავეკერე დედამიწას. დათიკო მასწავლებელი, ნელა, თვალების ფახურით მომიახლოვდა. არ ვიცი, ეშინოდა ჩემი თუ ასეთი გაჯავრება ჩვეოდა. მომდგა, ამხედ-დამხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ხმელ-ხმელი ჭლიკებიდან დაწყებული გარუჯულ-გაწვრილებულ კისრამდე თითებით მომიჩიჩქნა, მომსინჯა, გამჩხრიკა, რაღაცა ეძება, მაგრამ რას იპოვიდა, რა მქონდა, რა გამაჩნდა. მაინც, შინ ჩემს დაბრუნებამდე, მამაჩემს ამბავი მიუვიდა, შენმა ბიჭმა მოლა ბედირის ბადიშს ბებუთაი დაარტყაო. ბაბამ, ეტყობა, წამში განსაზღვრა ყველაფერი, ეს ტყუილი იქნებაო. ბებუთი თავად მასაც კი არ ჰქონდა, მე საიდან გამიჩნდებოდა. მას ბებუთი არ უყვარდა, მისი მარტო წვერი ვარგა, პირით, ტარით დანად არ მოიხმარებაო. იგი სხვა, ფართოპირა მუშა დანას ატარებდა მუდამ. ძვლის გლუვად მოხვეწილი მსხვილი ტარი ჰქონდა, კარგად გალესილი იყო და საგანგებოდ შეკერილ ქარქაშში ესვენა. იმ დანასაც მამა გვიმალავდა, არსად წაიღონ, ბავშვებთან არ ითამაშონ, ფათერაკს არაფერს გადაეყარონო. ჰოდა, როცა თურმე უთხრეს, შენმა ბღუშტმა ბებუთაი დაარტყა ყედირას ბადიშსაო, თავად უპასუხნია, ყედირისთვის ედგუზა ნეტაიაო. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ერთხელ გავბედე ხეირიანად წამეთამაშა და ეგეც არ შემერგო. მოლა ყედირას ბადიში, იუნუსი, ორ-სამ დღეს კლასში აღარ მოსულა. დაჭრილია, კუხმუნჯოს ირჩენსო, იძახოდნენ ბიჭები. ერთ-მაორმა კიდეც სილა შემომკრა, ვითომ ძმაკაცის გამო სისხლის ასაღებად, მე კი, ჩვეულებრივად, პასუხი არ გამიცია, ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა იუნუსი. დავინახე და დავერიდე. გვერდი ამიარა, თავისი ადგილი მონახა უკანა მერხზე და, რაღაცნაირი, დამშვიდებული, განაწყენებული, მისუსტებული, როგორც დიდი ხნის ნაავადმყოფარი, უსიტყვოდ დაჯდა. ასე მაშინ არ შემბრალებია იუნუსაი, სისხლი რომ წასკდა, _ ავდექი და მასწავლებლის შემოსვლამდე მე თვითონ მივედი ბიჭთან, მან ლმობიერი შემრიგებლური თვალებით შემომხედა. -შენ რაი, ბებუთაი დამარტყი და ქიბრობ?! _ ისე ხმამაღლა თქვა, ყველას გასაგონად, _ შენ რაფერ დამარტყამდი ბებუთს, მე თვითონ წევქეცი და მუხს (ლურსმანს) წამოვკარი მენჯი, თვარა შენ რას მომერევოდი. _ ჰო, იუნუსავ, მეც ეგ ვთქვი, მარა... _ ჩავილუღლუღე თანხმობის ნიშნად. კაი ბიჭი იყო იუნუსაი, იეშმაკა, რა თქმა უნდა, არ იკადრა ვიღაცისაგან გალახვა, ყოველივე ეჭვები რომ გაეფანტა, სკოლაში იმხანად მე დამიახლოვდა, დამიმეგობრდა, მომეკერა, აღარ მცილდებოდა. მაშინ კი, მართლაც, ყველამ დაიჯერა, რომ მე ბებუთი არ მიხმარია. გაკვეთილების შემდეგ, ყოველდღე, მედრესეში ჩავდიოდით. ერთი-ორი საათი იქ მუხლებზე დაშვებულნი ვისხედით და ყველანი ერთად ვიმეორებდით ხოჯის წარმოთქმულ ლოცვისთავებს არაბულად. ეს ძალიან ძნელი და გაუგებარი იყო. `ელლოჰუ-ექბერ... ინნე ქელემინუნ~... ან `ელლოჰუ მესხველლი-ღელდა მუჰამმედ...ვეღელა _ აალი _ მაჰამმედ...~ და სხვა. გამოთქმით, როგორც ახლა ვხვდები, არაბულ სიტყვებს ჩვენ, ბაღნები კი არა, თვითონ მოლაც სწორად ვერ გამოთქვამდა. მაგრამ მოლა ყედირი თავში, ბუხართან იჯდა, გრძელი თხილის წყლები (წკეპლა) გარგანიც ხელში ეჭირა და ვინაც მისი აზრით კარგად ვერ გამოთქვამდა, ან გუნდურ ამოძახილში თავის ხმას დამალავდა, ესე იგი, მოიტყუეილებდა (პირს დააღებდა, ხმას არ ამოუშვებდა). იმას თავზე ან პირდაპირ სახეში ზოფა მოხვლებოდა. კი იყვნენ ისეთებიც. სექვის თავში ფეხმორთხმით მჯდომი ხოჯა ისეთი ფხიზელი და ეჭვიანი მზერით გვამოწმებდა, ყალბისმქნელს მაშინვე აღმოაჩენდა, იმასაც სამაგიეროს არ დაუგვიანებდა, მაგრამ წყლეპი იმსიგრძე ეპყრა ჩვენს ხოჯას, ადგილიდან დაძვრაც კი არ დასჭირდებოდა. შელოცვილი ზოფა ყველგან წვდებოდა, ხოჯის `წყალობა~ და მისი `მადლიანი~ ყურადღება თანაბრად ნაწილდებოდა. ზოფით თავში ჩანერგილი ლოცვისთავი, მისი ახსნით, უფრო ღრმად, მაგრად იდგამდა ფესვებს და მთელ სიცოცხლეში მას ვეღარაფერი ამოგლეჯდა. მთავარი იყო, პირველი წარმოთქმა სწორად შესრულებულიყო. ამას დიდი სიწმინდით და სიზუსტით იცავდა ჩვენი ეფენდი. ამიტომ ერთდაიმავეს უთვალავჯერ გვამეორებინებდა. არაბულად წერას ან კითხვას ჯერ არ გვასწავლიდა. `ელიფი~ მეორე წელიწადს უნდა დაგვეწყო. ზოგიერთი, ვისაც ლოცვისთავიდან ცალკეული სიტყვის სწორად წარმოთქმა-დამახსოვრება უჭირდა, ჩუმჩუმად რვეულში ქართული ანბნებით ჩაიწერდა, რომ მერე, შინ მშვიდად ევარჯიშა, მაგრამ თუკი ამას ხოჯა შენიშნავდა, დასჯა უფრო განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ხდებოდა. ქართული ანბანით მუსლიმანური სალოცავი სიტყვის დაწერა დიდ ცოდვად ითვლებოდა. ამიტომ იყო, რომ მედრესეში მისულები სკოლის წიგნებს ფეხსაცმელებთან ერთად გარეთ ვტოვებდით. ყველაზე მეტად საქმეს მაინც შიმშილი გვიჭირვებდა. ადრე დილაზე ხემსად ვახშმის ნარჩენი, ხმელი მჭადის ნატეხის შეჭმას თუ მოვასწრებდი, ნატეხ მჭადს ხანდახან ჩლეჩილა ყველის ნაფცქვენიც ახლდა, ზოგჯერ _ ყურყუთი, ხშირად კი ის ნატეხი მჭადი დერგულაში გამოლეული ყველის ნარჩენ მწათხში ამოივლებოდა. ასეთი ხემსით სანამდე გაძლებდა? სასკოლო გაკვეთილების გათავებამდე როგორმე კი მივაღწევდით, მაგრამ მერე უკვე შიმშილი ისე მომეკიდებოდა, სკოლიდან მედრესესკენ მიმავალი ბილიკის გარდიგარდმო, დარეებზე კუკუმდავებს და ბურწუმელებს (ეკალა) წვერებს წავაწყვეტდი და პირში ვიგოზავდი, რომ ცოტათი მაინც სული ჩამებრუნებინა. ამდენ გახსენებაში ის ერთი დღე მაინც ძალიან კარგად, გამორჩეულად მახსენდება. დილით სკოლაში ვიწრო აივანზე რომ ავაბრახუნეთ ფეხები, უცებ გადავირიე, _ შიგნიდან ქეთო მასწავლებელმა გამოიხედა. აბა, ნუ ხმაურობთ, ბავშვებოო, _ მგონი ერთგვარი მოფერებით გვითხრა. არა, საკლასო ოთახში კი არ იყო, სკოლის სახლზე ჩიტის ბუდესავით, გვერდიდან მიშენებულ პატარა ოთახიდან იყურებოდა ქეთო მასწავლებელი. მგონი მასაც მოვნატრებოდით, ისე ალერსით გვათვალიერებდა ბაღნებს. მასწავლებლისა თითქოს აღარაფერი ეცხო, რაღაც სხვანაირად მოშინაურებული და გაუბრალოებული მეჩვენა. მასწავლ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი