ხეები
აი, იმ ბუჩქებთან, მარხნივ ჩავუხვიე. წელზე მომდგარი აყვავებული შქერები შრიალით გავარღვიე და ტიალში ორ ხესთან გავჩერდი. ერთი მუხაა, მეორე ნაძვი. ეტყობა, მუხა უფრო მოხუცია. ალაგ-ალაგ მიწიდან ამოვარდნილ ფესვებს ხავსის მწვანე ქსოვილი შემოხვევია. გეგონება ხეს მწვანედ შეღებილი თივთიკის წინდები ჩაუცვამსო. მხრებშიც მოხრილა ოდნავ. კანი ნაოჭებს დაუღარავს და დიდიტ ხნის წინათ მოჭრილი ტოტის ადგილას შავი სითხე მოჟონავს, თითქოს ჭრილობა გახსნიაო. იგი ოდნავ ნაძვისაკენ გადახრილი მეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, თავისი ყველაზე მძლავრი მკლავები იქითკენ ჰქონდა გაშვერილი და მთრთოლვარე ყლორტებით ეალერსებოდა ნაწნავებივით გამოყრილ წიწვებს. თუ მუხა თავისი სხეულით ჭარმაგ მამაკაცს მოგაგონებდა, ნაძვი, ფაქიზი, კლდემამოსილებითა და ტანკენარობით ჭეშმარიტი ქალი იყო. მის სწორ, წერწეტა სხეულს შვენოდა კალთებგაშლილი მწვანე კაბა. ეჩურჩულებოდნენ ისინი ერთმანეთს, მხარი მხარს მიდებული და არაფერი გაეგებოდათ, თუ რატომ ვიდექი მე იმ მუხასთან ცულით ხელში. მარცხენა ფეხი ქვემოთ ფესვს მივაბჯინე და ცული მოვუქნიე. სანაფოტე ნაძვის მხარეს მივეცი. ასე, ხელისდადება რომ დარჩა მეორე პირამე, გავჩერდი, ზემოთ ავინაცვლე და მოპირდაპირე მხრიდან შევუბრუნდი, რათა ორიოდე დარტყმით ხე გაპობას გადამერჩინა. ასეც მოვიქეცი. ჯერ შიგ სიღრმეში რაღაც გაწყდა, ხემ ყრუდ დაიგმინა, ოდნავ გვერდით გადაქანდა და შეჩერდა. ზემოთ ავიხედე. იგი თავის ერთადერ მეგობარს მკერდზე მიწოლოდა. ნაძვი, ძირიდან კენწერომდე, ერთნაირად კანკალებდა, ხოლო მუხა უფრო მძლავრად უჭერდა ტოტებს და მძიმე, მკვრივი სხეულით აწვებოდა მას. მე მთლიანად გადავჭერი ხე და ცულის ყუის რამდენიმე დარტყმით მუხა ძირიდან გადავაგდე. მაგრამ არაფერი გამოვიდა, იგი უფრო ძლიერად მიეყრდნო ნაძვს, გადანაჭერი ბოლო კი მიწაში ჩაასო. რამდენსაც მეტად ვებრძოდი და ვაქანავებდი მოჭრილ მუხას, იმდენად უფრო ეკვროდა იგი ნაძვს, თითქოს არ უნდოდა თავის მარადიულ სატრფოს გასცლოდა. ნაძვიც, ჩემს დასანახად, თავის რბილ რტოებს ზემოდან აფარებდა და მკერდზე მიხუტებული მომაკვდავი სატრფოს მხრებს ხელით იფარავდა. ღამდებოდა. შეყვარებულ ხეებს უკანასკნელი ღამე ვაჩუქე, დილამდე ასე ჩახუტებული დავტოვე. შინ რომ მივდიოდი, შენზე ვფიქრობდი. და გულში ვთქვი: მე რომ მუხა ვყოფილიყავი, მაინც არ გადავიწეოდი მისკენ გაჭირვების დღეს-მეთქი, რადგანაც ვიცი, ისეთი ერთგულებითა და სიყვარულით, როგორც ნაძვი, შენ არ შეეშველები ჩემს წაქცეულ სხეულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი