ახალგაზრდა გლეხის ნაამბობი


ტყუილათ კი არ არის ნათქომი: დედინაცვალიო, თვალში ნაცარიო! რაც ჩემ თავზედ გამოვცადე, იმას მოგახსენებ. მაშ თავიდან მოვყვები. ი ბეჩაქვმაო დედაჩემმა კარგა ხანია თქვენი ჭირი წაიღო, რო გამოვიდა ოთხიოდ წელიწადი და ი დალოცვილს მამაჩემს აკი გაუწყრა ღმერთი და მოხუცობილობის დროს აეშალა საღერღელი... შაერთო ისეთი ყმაწვილი ქალი, რომ მე დედათ კი არა, ცოლათაც ძლივს შემეფერებოდა, გამჩენის მადლმა!.. ეჰ, შაირთო, შაირთო... რა უყოთ!.. ვთქვი, ობლობას მაინც აღარ შავნიშნავ-მეთქი... მიხაროდა... მიხაროდა, მაგრამ, ი სიხარული სულ შხამით ამოგვადინა მე და ჩემ დას... ქალი კი არა, ვეშაპი რამა ყოფილა ი დასაქცევი... ნეტავი ჩვენ სახლში ხუთასი ალქაჯი გაჩენილიყო და იმას კი აქ ფეხი არ შემოედგა... პირველში კი მითომ პატარძლობდა, თურმე თავს იკატუნებდა და ერთ კვირას უკან კი მოგვყო ხელი და სულ ცეცხლის ალში გაგვატარა... ეს ორი წელიწადია,სულ არაქათი აღარ გვაქვს... მიადგება ჩემ დას: აი სახლი დაგავეო, საქათმე დახვეტო, ქათმებს საკენკი დაუყარეო,ცეცზლი აანთეო, თონე გაახურეო, პური დააკარიო, აი ეს ქენიო, ის ქენიო... ეს კიდენ არაფერი... დაჯდება თითონ ქალბატინივით, პურსა სჭამს, კარგა გამოიბრუჟება და ჩვენ კი ნასუფრაკიც აღარა გვხვდება ხოლმე... მე ხომ ის არის: აი ღამის მეხრეთ წადი, სესიავ, გუთანზედ სესიავ, წისცვილში სესიავ, ღორებში სესიავ, ხატობაში წამიყვანე სესიავ... ფეხები მაქვს გადაცვეთილი ამდენი სიარულით... იმ დღეს მინდვრისგან მოველ მშიერი, პური არ გვიდევსო... მესამე დღეს კი შავხედე, ერთი გროვა დაობებული პურები ძაღლებს გადაუყარა!.. ჩვენთვის კი არც ჭამაა, არც ჩაცმა, არც დახურვა, არც დარეცხა, არც დაკერებაივართ ასე საცოდავათ... ჩვენი ოჯახი ხომ გააწყალა... რასაც მოიგდებ ხელში დედ-მამას უგზავნის და ძმებს გაატანს ხოლმე... დალოცვილი მამაჩემიც მოხუცდა და სულ წევს, აღარცა რა ცოლისა სცხელა და აღარც შვილებისა!.. ვთხოვე, ჩემი და გაათხოვე-მეთქი.. გამომივარდა დედინაცვალი და ერთი ყოფა დამაწია... თავისი ძმები კი ყველა დააქორწინა. ამას წინად ჩემი დისითვის ეცემნა... ნეტავი ვიცოდეთ რაზედ?.. ჩემი და ჩემი დედინაცვალის ნასხლეტის აკვანს არწევდა; ბალღმა ტირილი თურმე დაიწყო, ძუძუ მოითხოვა და რათა ტირისო, მოსდგა და რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცა... აბა, ჩემი დისა რა ბრალი იყო?.. თითონ კი ის კაი დედაკაცი კი, ჩვენი დედინაცვალი, გადამდგარიყო ბაღჩიდან და მეწვრიმანეებს ეკურკყზებოდა... ამიღრინდა გული, მაგრამ რას ვიქმოდი... მეც ეს დაკონკილი დავდივარ, ჩემს ტოლებში თავი ვეღარ გამომიყვია... იმ დღეს მამაჩემს ვუთხარი, ამ შემოდგომაძე თუ არ დამაქორწილე, მეტი აღარ შემიძლიან-მეთქი... ამ დროს ჩემი დედინაცვალი გამოტყვრა და შამომიტია: შე ქეციანოო, ცოლს ვინ მოგცემსო!.. რა დროს შენი ცოლიაო?!. დრო არი თუ არა, მე უფრო არ ვიცი, შვილოსა!..

ეხლა ამ გაჭივრებაში ვართ ჩაცვენილი: მეცა და ჩემი დაცა, არ ვიცი საით გადავცვივდეთ?.. ეგება თქვენ სადღეგრძელოთ ერთი კაი რჩევა მოგვცეთ რამე, კაი გზაზედ დაგვაყენოთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი