მარიკას


ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,
სინამდვილეა, არ ეგონოს ვინმეს იგავი.

თოთქოს ოდესმე ბუხრის ახლო ერთად ვნატრობდით,
ჩვენი წილხვედრი რომ აგვენთო ერთი ნაფოტიც.

პირველყოფილი თუ ვიყავი კაცი ველური,
როგორც პირველ კვამლს, დაგხაროდი გაკვირვებული.

თითქოს ყრმობისას გამოვჭედე ოქროს ბეჭედი
და იმ ბეჭედში ჩასასმელად შენს თვალს ვეძებდი.

ცხრაას თოთხმეტი, წვიმიანი ცხრაას ცვიდმეტი,
ვერსად ვიპოვე, არ მარგუნე შვება მცირედი.

ოცდასვიდი და სექტემბერი ოცდაცამეტის,
ღარიბი ბინა, მწყობრად ცვენა მყუდრო წამების.

ეს იყო მაშინ ტრფიალების გამომნასკვავი
და შენი მზერით მამშვენებდა ორი ვარსკვლავი.

შემდეგ ცხოვრება უვარამო და ჭეშმარიტი,
სათუთი სითბო, მოსავლელი და მოსარიდი.

ორმოცდაერთი ან მშფოთვარე ოცდაჩვიდმეტი,
რამდენ შემთხვევამ გადაგვალვა ჩემი იმედი.

გამკრავი ქარი, მოგონება და სინანული,
რასაც მთლიანად ეწოდება მართლა მამული.

ღამით ადგომა, მძინარ ბავშვის საბნის სწორება,
მსობლიურ გრძნობის ყოველღამე განმეორება

ეს არის ჩვენი დღე და ღამე გამომნასკვავი
და მაგიდაზე ანთებული ორი ვარსკვლავი.

ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით
სინამდვილეა, არ ეგონოს არვის იგავი.

დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროში
და, როს მოვკვდებით მოვთავსდებით ერთად კუბოში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი