მზესუმზირები
მოუმკელ ყანას აჭრელებს ჭვავი, როგორ მომპალა ჩალის ძირები. რა გულსაკლავად ყრანტალებს ყვავი, მზეს არ უმზერენ მზესუმზირები. სიკვდილის პირად მიღწეულს ჰგვანან, ფეხით მოგვალულ ბალახს ვეხები. უნდა და ვეღარ შრიალებს ყანა და ნაღმის ხმაზე თრთიან ვერხვები. მიწის მუშები არ ჩანან არსად, ჭადრებია თუ გზაზე გზირები, მზეზე ფანტავენ ყავისფერ მარცვალს წელში მოხრილი მზესუმზირები. გამოლევიათ ცვარი და ღონე, მილეულ ჩრდილებს ჰგვანან ყანები. სამშობლოს ცაზე მზე მაინც ვპოვე და დღეს ხვალინდელს ვეთაყვანები. რა ფერი დაჰკრავთ, ტყვიის თუ ძუის? ტანკს დაუჯეკნავს გრძელი ჩრდილები. შინ დარჩენილი ნაგაზი ყმუის და კანკალებენ მზესუმზირები. მაინც შევატყვე, სიცოცხლე სჯერათ, დაბრუნდებიან მალე გმირები და ატყორცნილი თემშარის პირად მზეს უმღერებენ მზესუმზირები.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი