საგალობელი
მშვენიერო რტოვ არმაზის! მოვვლე მცხეთა და ქინძარი. შენ ცხადი ხარ თუ სიზმარი, თუ მძინარეს მოგისწარი? ვინ გიწოდა სერაფიტი! სადხარ, გვამცნე ხვაშიადი! ჟამი გასჭერ, გადმოფრინდი სუროს კაბით აშრიალდი! არმაზი და საფურცლია შენი ეშხით მორწყე თურმე. კუბოდ ცეცხლი დაგიცლია, გულის ფერფლი დაგვიბრუნე. რა ხმა გვქონდა,რა ფხიანი, მოგვითხრე და დაგვაჯერე. შენი სული ცხრაფრთიანი კუბოში ვით გააჩერე! რა გზა შეგხვდა, რა გრიგალი, რას ვგალობდით, რა ვიყავით! ტურფავ, შენი ნაფიქრალი, როგორც ლუკმა გამიყავი. დიდი მცხეთა და არმაზი, ქინძარი და საფურცლია, შენ დაგეძებ, სილამაზევ, გული მღერით დამიცლია. ქვაზე როგორ აღბეჭდილხარ, სული შენი რად დაიმშა! ქვაზე მწოლი სიმღერა ხარ, არ გაცივდე, არ დაიფშვნა! ჩემი გული არ გათელო, აღსდექ,თმებით აშრიალდი! შენ ხარ ძველი საქართველო შენ ხარ ჩემიხვაშიადი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი