უცხო საყურე


მე დამესიზმრა უცხო საყურე,
როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი,
წამოვვარდი და კარი დავხურე
არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.

არ გამიფრინდეს წინანდლის დილა,
დილის მშვენებას ვერ ვეურჩები.
საყურის ჩრდილში ვინ დაიჩრდილა,
ვინ გაიგრილა ცხელი ტუჩები.

როგორ დაფუშე სულთა კავშირი,
შენმა ტკბილმა ხმამ გული მატკინა.
მტკვართან ზის ობლად ბარათაშვილი,
რატომ დასტოვე მარტო, კატინა?

შეპყრობილი ვარ წარბთა მშვენებით,
მომწვდა ჟუჟუნა თვალთა ისარი,
მეც დაგედევნე ცხენის ჭენებით
დაშინ ვერასდროს ვერ მოგისწარი.

ვერ დავეწიე წინანდლის ირემს,
როგორც ზარის ხმა, ფხის ხმა ვთალე.
ვპოვე ტაძარი,ტაძარში ვწირე,
სადაცსაყურეს დაჰყურებს მთვარე.

ჩემს შემოჭვარტულ სანთურს გავტეხავ,
შუბლს გავიგრილებ სარკმლის მინაზე
და ჩემსკენ მოჰქრის სიზმრად ამდენ ხანს
ნაბადმოსხმული შენი სინაზე.

მე დამესიზმრა უცხო საყურე,
როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი, -
წამოვვარდი და კარი დავხურე,
არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი