რუსპირას მქონდეს წისქვილი
სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო? წარბი გავხსენი, ვინატრე: _ რუსპირას მქონდეს წისქვილი, შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე, მესმოდეს ხმაგაუმწყდარი კაკანი სარეკელასი, სოფლის ბარაქა მალხენდეს და სიყვარული ყველასი. საფქვავი არ დამლეოდეს და არცა წყალი ღარებით, წისქვილთან იცოხნებოდნენ უღელმოხსნილი ხარები. შუაცეცხლი და კედლები, განათებული კუნძითა, ფხიზელი ძილი და მთვარე _ თეთრი სიზმარი კურდღლისა. წისქვილმა იცის ჭინკა და წისქვილმა იცის ალები, ჰოდა, სიმინდის დაფქვამდე ჭორის ფქვა სოფლის ქალების. კარები მუდამ ღია და საკინძე გულგაღეღილი, და საზრუნავი მთავარი წმინდა ფქვილი და ღერღილი. ლამაზი ქვრივიც შემოვა, თალხით მოსილი ერთიან, გული იმაზე უკვდება _ მისი სიმინდი თეთრია. მე აქ შევხვდები ყოველთვის ოქროს სხივებად დაღვრილ მზეს, წყალი რომ ერთხელ იძინებს, წისქვილი გამოაღვიძებს. სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო? წარბი გავხსენი, ვინატრე: _ რუსპირას მქონდეს წისქვილი, შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი