შენ და სანაპიროს ვასკვლავები დაგცინიან..


შენ და სანაპიროს ვასკვლავები დაგცინიან
და სანაპიროც გაწბილებულ ქალივით კვნესის
და ტალღებს უხმობს-
ვეშაპების ლურჯ ზურგებზე გადავლილ ტალღებს,
სამხრეთის მზეში გაღვიძებულ ბედნიერ ტალღებს,
წმინდა ტუჩებით ნაკოცნ მიწებს რომ მიეფეროს.
შენ და სანაპიროს ვარსკვლავები დაგცინიან,
მზის ტოტებში ჩასაფრებული ქარები დაგცინიან,
უღონო ქაფი დასრიალებს თქვენს უბეებში...
და ქვეყნის გარეთ მდგარი თვალებით რას მეკითხებით?!
-მე ლუღლუღისთვის გამომიგონეს,
უზრუნველი და კმაყოფილი ლუღლუღისთვის,
ღრმა გუბეებში თავჩაყოფილი ჩემ თავს დავცინი
და ვერასოდეს მოგიტან, ვიცი,
წმინდა მიწების და ქარების იდუმალ ღელვას,
გაფიცხებული ვარდების სუნთქვას,
რომელთაც წმინდა სისხლით დასვრიათ თხელი ფურცლები.
მე ზურგის ქარი ვერასოდეს მომიტყლაშუნებს,
ვერ წამომაგდებს თავჩაყოფილს მყრალი გუბიდან,
იმ ვარსკვლავებსაც ვერასოდეს ნიშნს ვერ მოვუგებ,
ასე გულგრილად რომ დაგცინიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი