ისიც ჩაწერე..


ისიც ჩაწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ ახლა უფრო შევეჩვიე სახლში ყოფნას, ნუ გეცინება.

ისიც ჩასწერე, რომ მეშინია, ყველა ახალი დღის გათენება,

ჩემ გვერდით ახლა არავინ არის და იქნებ ვინმემ მაინც გაიგოს,

რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე, რომ დამავიწყდა ყველა სიმღერა,

რომ შუადღეს კარტოფილს ვიწვავ და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას,

ისიც ჩასწერე, რომ არ ვიცი, რა მემართება,

როცა მზე მოდის, მე კი ფარდებს ვუშვებ ბოლომდე,

რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ მესიზმრება, ბაბილონი ინგრევა თითქოს

და ძილში ვხედავ ავარვარებულ წითელ სახეებს,

რომ ჩემ სიკვდილთან ერთად სამყაროც მოკვდება თითქოს,

ისიც ჩასწერე, რომ გავყიდე ძველი ნივთები,
სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ ზოგჯერ დანას ვეღარ პოულობ, რომელიც თურმე ხელში მიჭირავს,

რომ მეშინია მისი წკრიალის, მისი ტკბილი მიმზიდველობის,

ისიც ჩასწერე, რა დაგემართა, რომ ღამით აღარ ვაქრობ სინათლეს,

რომ მეშინია, რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

ჩასწერე, როგორ მაკლდება თვალში, როგორ დავდივარ პანაშვიდებზე,

ისიც ჩასწერე, ვერაფრით შეძლო, ერწმუნა რამე, თუმც ბევრს ეცადა,

რა დაგემართა, რატომ ცახცაცებ, რომ დავწვი ყველა ძველი სურათი

ისიც ჩასწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ წერტილია ჩემი ბოლო უსასრულობა,

ისიც ჩასწერე,.. რა დაგემართა, რა დაგემართა, რატომ ცახცახებ?

ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა. აქ იწყება შენი საღამო.

აქ იღვიძებენ ანგელოზები ილუზიურ ფრთათა შხუილით.

შენი სნეული ამგელოზები, ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა.

ლითონივით წკარუნებენ მათი სხივები ილუზიურ ფრთათა შხუილში.

შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა იფარება ბალახის ცეცხლით

მე შეიძლება მარიამი გიწოდო ახლა-

დედა კი არა, ის მეორე, მაგდალინელი,

სხვა სახელი შენ არ შეგფერის, შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა

ცეცხლის ალივით დასრიალებს ნათელ წვიმაში.

შენ უკვდავი ხარ შენი ცოდვით. აქ იწყება შენი საღამო.

და როგორც წვიმა კარგავს ღრუბელს, როგორც ბალახი კარგავს მინდორს

შენ გეკარგება

შენი სნეული ანგელოზების ილუზიურ ფრთათა სიგრილე,
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ეხლა...

რა ჩაიფიქრა შემოდგომამ შენს ღრმა თვალებში:

ლოცვის ნეტარი სიმხურვალე, ნიჰილიზმი, მონანიება
თუ გაძარცვული ბაღის სიჩუმე....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი