ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს..
ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს, ციხეს ბურჯები ჩაერღვა ცხრაჯერ, ის ციხე ისევ უპყრიათ ქაჯებს, ის ციხე ისევ გალოკა ნესტმა მე იმ ციხისკენ მოვდივარ, ნესტან! მოთმინების და უიმედობის ეკლები თავზე გვირგვინად მადგას, ამოვიარე ცხრაჯერ ფერდობი, ცხრაჯერ მუხლებზე დავეცი, რადგან ცხრა სული სურდა თითოეულ მათგანს, მე ვერ შევედი შენს წმინდა დროში, ვერ ჩავიმუხლე კარვის კალთამდი, მე, სოსანისფერ ცხენით და დროშით ვერ დავეწიე გზაში ავთანდილს და ჩემი დროის ზღრუბლიდან გავთავდი. იმ გაზაფხულსაც ვერ დავეწიე ვარდის ფურცლობის ჩუმი კაეშნით, შენ ვარსკვლავების ბინდში დაეშვი და როცა შველა ვთხოვე ზეციერს ორივე ხელი დამრჩა ჰაერში... მე იმ ციხისკენ მოვდივარ, მაგრამ თურმე თანდათან მშორდება იგი, ჩემი ტუჩები ღეჭავენ ლაგამს, ჩემი თიხის და სიცოცხლის შიგნით ძევს, როგორც გადაუშლელი წიგნი შენი ხანძარი და მღვივან ხანძრებს ვეხვევი, თითქოს არც შემეხება, თითქოს სხვა სივრცის გასაღებს მაძლევს. და მე, თუჯივით უტყვი და გამძლე, შენი გულისკენ ვღუნავ ხერხემალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი