აღმოსავლეთის ვარსკვლავი


მე კვლავ იმ ცხელი სისხლით ავივსე,
გულთან იმ მწარე ვნებამ იელვა
და კვლავ ჩავყვინთე შუაღამისფერ
თმების წვიმაში, როგორც მშიერმა
და მომეწება ტანზე ალერდი,
როგორც მზის სხივი შუა ზამთარში,
მე შენ გეძებდი… ასი ათასი
წელი შენს სხეულს ვუთვალთვალებდი.
ასი ათასი წელი წვალებით
ძლივს მოვაღწიე შენს მუხლებამდე
და სიყვარულის მუნჯი ზარები
ასი ათასი წელი რეკავდნენ
ჩემს გვამში, როგორც წმინდა ხარება
და მინათებდნენ სხეულს შიგნიდან.
ასი ათასი წლის მწუხარება
ასი ათასი წელი მძიძგნიდა.
მე შენ გიპოვე… რადგან მალულად
ვნასკვავდი ვნების გრძელ ბაირაღებს,
მე შენ გიპოვე და სიხარულის
ასი ათასი კარი გავაღე.
 
შენ იყავ ღვინო, შენ იყავ წყარო,
შენ ჩემს ფესვებთან დიდხანს კვნესოდი,
შენ იყავ სახლი, რომელშიც ხარობ,
შემოსაზღვრული მწვანე ეზოთი.
შენ მღელვარებდი, ვით ნერეიდა,
რომელმაც ჩემი ტანი დადაღა,
მე შენ გიპოვე, მაგრამ დღეიდან
სულ სხვა მდინარე მითრევს თავდაღმა.
სულ სხვა დუმილით გიმზერ ახლოდან,
ხეებზეც სულ სხვა მთვარე ბრიალებს,
იქნებ დამთავრდა ეს ხეტიალი,
იქნებ ეს სულიც აქვე სახლობდა.
იქნებ ეს სული იყო საშენო,
ვერ გადაურჩა მათრახის შხივილს,
ასი ათასი წელი გარშემო
გივლიდა, როგორც ტანჯული სხივი.
შენ იყავ ნაძვი… ვერ მომიშორე,
შენ იყავ ჩრდილი და ასპიროზი
და შენი გრილი მხრების სიშორეს
ასი ათასი წელი ვტიროდი.
მე იმ ჩრდილიდან ისე წავედი
ყლუპი სინათლეც კი არ შემისვამს,
გულზე მეფინა, როგორც ხავერდი
ნათელი შენი აღმოჩენისა.
მე შენ მიყვარდი დაბადებამდე,
მე შენ გეძებდი დაბადებამდე
და სიყვარულის მუნჯი ზარები
ისე ძალიან დიდხანს რეკავდნენ,
რომ დამავიწყდა, როდის წაშალა
მზემ გზა, მორთული ბასრი ძეძვებით,
ასი ათასი იყო გზაშარა
და ყველა გზაზე მარტო გეძებდი.
შენ კი შორს იყავ, როგორც გუმბათი,
მაცდუნებელი შენი სიგრილე
ტუჩებს მიწვავდა… მე შენ მიყვარდი,
ამომყვიროდა სისხლიც იგივეს.
შენ გაიზარდე უფლის უბეში
და ქვეყნის ბიწი არ შეგხებია,
შენ მჭირდებოდი, როგორც ნუგეში
ასე ცოდვილს და ასე ვნებიანს.
შენ სადედოფლოს ჰგვიდი პალატებს,
რადგან უფალსაც ასე ნებავდა…
შენ გაიღვიძე და გიღალატეს,
შენ გიღალატეს დაბადებამდე.
ჩვენი ცრემლებიც მაშინ შეერთდნენ,
ცრემლებს სიმშვიდე ერგოთ ტაძრული
და იდგა ღამე ათასმეერთე,
რაღაც დიადი შიშით დაძრული.
უდაბნოების მჭრელი სინათლე
შენს გაშლილ ხელებს მწარედ უღრენდა,
შენ ჩემს უპეში დაიბინადრე
ვით ცრემლმა, დღემდე გადმოუღვრელმა.
შენ ჩემში გძინავს, შენ ჩემ სისხლს ერთვი,
შენ ხარ ჩემამდე და კიდევ… შემდეგ…
შენა ხარ სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი,
რომელიც მწარედ მაწვალებს დღემდე.
მე ვერასოდეს ვნახავ შენს თვალებს,
დამძიმებულებს ცხელი ხაზებით,
რადგან ღამეში ბრიალებს მთვარე
ყველა ვარსკვლავის გასაბრაზებლად.
შენ ხარ ვარსკვლავი, ყველა უარის
შემგროვებელი და გამნასკვავი,
შენ ხარ ვარსკვლავი, ყველა ვარსკვლავზე
ურჩი და თბილი სისხლით მღუარი.
შენ ხარ მტევანი… ჯერ ვერვინ თვრება
შენი უცნობი მზით და სიუხვით,
ეს შენ დაგეძებს ნამდვილი ვნება,
რომელსაც ცოდვებს ფეხქვეშ მიუყრი,
რომელსაც უცდი. ღიაა უკვე
ასი ათასი ქვეყნის კარები,
მას ჯერ ეგ მკერდი არ დაუწურავს
უდაბნოს თრთოლვით და მცხუნვარებით.
მე კი მწირი ვარ… სანამ იხუვლებს
ასი ათასი მზე ჩემ სხეულში,
ასიათასი კარი მიხურე
და ჩვენს სიჩუმეს ხელს ვერ შეუშლის
ქვეყნის ყაყანი, ბრუნდი და ჭორი,
ასი ათასი დაუშვი ფარდა,
ჩვენ ორნი ვართ და არცა ვართ ორნი,
ჩვენ კიდევ სხვა ვართ, სხეულის გარდა.
ჩვენ სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ,
ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის,
ჩვენ არ ვტირივართ, თუკი გვეტკინა,
ჩენს ყოფნას შუქი ადგას არყოფნის.
ეს გაღვიძებაც ცოტა მეტია,
ვიდრე უბრალოდ თვალის გახელა,
ვერ მოვეშვებით გზა-გზა ხეტიალს,
ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ალბათ ნახევრად.
ასი ათასი წვიმა გვასველებს,
ასი ათასი ხის ჩრდილში ვწევართ,
მე ვდუმვარ და შენც დუმხარ ასევე,
ასი ათასი მკლავის მხევალი.
მე თითქოს შენგან გავრბივარ, მაგრამ
თურმე ყოველთვის შენ გიბრუნდები,
ეგ სველი თმები ჩამხვიე მაგრად,
ჩამბორკე მისი რკინის ხუნდებით.
შენ ხარ ღრუბელი, შორი ღრუბელი,
საკუთარ ვნების ბურუსში ლხვები,
ასი ათასი მხრიდან უბერავს
ქარი და შენი ამაყი მხრები
ასი ათასი ქარის ალერსით
გაბეზრებული მორჩილად იტანს
ცეცხლს, მოგიზგიზეს მღვრიე თვალებში,
ამაყია და დიადი რითაც.
 
ამ ხელით მე კი არ გეფერები,
ვიღაც უსახო გწმინდავს და გხვეწავს,
საჭრეთელია ჩემი ხელები
და წითელ ნისლში მცურავი ზეცა
კიდევ გაფრთხილებს, ეს მერამდენედ,
შენ კი არასდროს უსმენ ბრძანებას,
ალი, რომელიც ვეღარ განდევნე
ძარღვებს გიწიწკნის და გენანება.
შენა ხარ წყალი, შენს ღრმა და ფხიზელ
წიაღში ჩემი ხელები ყრია,
ტალღა ნაპირზე მაბრუნებს ისევ,
მაგრამ ყოველთვის უცებ და გვიან.
ასი ათასი შენ ხარ ნაპირი,
მე კი ვერსაით ვეღარ გავცურე,
დიდი ხანია ლოცვას აპირებს
და გულს ქირქილით კოცნის მაცდური.
მზეა მხუთავი და ოქროს ალში
გაღვივდა შენი წილი ლურსმანი,
რა ბედნიერი ვიყავი მაშინ,
რა შორს დამირჩი, იერუსალიმ!
ეს შენ ქვითინებ! ცოდვილ ღამიდან
ტანჯულ ტუჩებით მოგძახის ქრისტე,
შენ იცვამ კაბას და უქლამიდო
ძილში დარჩენილ მთვარეებს მისდევ.
შენ ხარ ხორბალი… მწვანე მინდვრები
იკვებებიან შენი სიუხვით,
მეც ვიარსებებ ქვეყნად, ვიდრემდი
ვარ შენი ერთი პეშვის მსურველი.
ვიდრემდი შენს კენტ ვარსკვლავს შევტირი
და შენს ზაფხულში ვწევარ გიჟივით,
ვიდრემდი მესმის სისხლის ყიჟინი,
ვიდრემდი მარტო ვრჩები მსხვერპლივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი