როცა დადგება განკითხვის...


როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს,

თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
მადლობას რისთვის მიხდიო – მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.

მადლობელი ვარ, უფალო, რადგან,
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.

მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.

მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,
მეხვია მტერი და ყველა მათგანს,
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი…”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი