ვერ აგაცილე დაღლა ..


ვერ აგაცილე დაღლა _
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი,
ნანობ, უჩემოდ ნანობ,
ვერ გიმკურნალე ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ,
ვერ შეგაშველე ხელი _
ვერ გაგიფრთხილდი ქალო.
ისევ გარიდებ თვალებს,
წარბებს ქვემოდან გიმზერ,
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე.
ტვირთად გიქციე წლები,
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს,
ვერ გავუმაგრე ფრთები
შენ რომ მიზრდიდი _ მართვეს,
ვწუხვარ, ვეღარა გშველი,
არც სურვილი მაქვს ამის.
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის.
გასვლა შენგანაც მინდა,
გავალ ღრუბლების ზემოთ,
მზე მე გიქციე ბინდად,
მე დაგაღამე ჩემო.
ვერ აგარიდე დაღლა,
გბანდი _ ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი