0 0 1035
ვიცი, უფალო,იყო შეცდომა ..
ვიცი, უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
გმადლობ, უფალო, ან კი მადლობა
რამეს შესცვლის და რამეს უშველის?!.
ვანგრევდი – რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.
ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ – ახლაც ვდგავარ ამ აზრზე
და ის სამყარო – მე რომ მინდოდა,
ნგრევით,ო,ნგრევით გავალამაზე.
ვინც დაითმინა – ნეტარ არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ – არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი…
ახლა დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს – გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
ვიცი,უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.