ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ ..


ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ,
ვრთავ საპატარძლოდ ღამესა,
ორწყალთან მე და არაგვი
სასიძოდ ველით მთვარესა.
გამოჩნდა, შუქი მოჰფინა
ახლად ჭირხლდაყრილ ჭალებსა,
ეს რა პატარა ყოფილა,
არ ვუჯერებდით თვალებსა,
ვწყრებოდით, გასათხოვებლად
ვერ ვიმეტებდით ღამესა.
გამოჩნდა გუნდი ვარსკვლავის,
გულზე გვირგვინად დაედო,
ყველა იქ იყო, ვისაც კი
მთვარის ქორწილი გაეგო.
ჩვენც შევხვდით, როგორც წესია,
რიგშიც დავდექით იმგვარად,
ორნი ვართ – მე და არაგვი
აქ საპატარძლოს მხრიდანა.
მთები კვლავ იდგნენ პირქუშად
მკერდზე დაყრილი მკლავებით,
თითქოს ვიღაცას ვტიროდით,
ვიღაცას ვასაფლავებდით.
წარბშეკვრით იდგნენ მდუმარნი,
ჩრდილებს აწყობდნენ გზაზედა…
და იდგნენ, როგორც ხნიერნი
გაბოტილები ბანზედა,
ჩაფლულნი თავის ფიქრებში,
არ მოტირალნი სხვაზედა.
ჩვენც მივაცილეთ სასიძო
ჯვარგამოსახულ ხმიადით
და რომ ვერავის გაეგო
უჩუმრად გამოვტრიალდით.
ორ წყალთან დავცდით ერთმანეთს
შინაგან ძრწოლვით ვზარავდით,
მე წავედ ჩემი ბილიკით,
თავისას ჩაჰყვა არაგვი.
თუ ყველას არ ემღერება,
იქ სიმღერის თქმა არა ღირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი