შეწყდა ჩოჩქოლი ..
შეწყდა ჩოჩქოლი… მთებზე მიწვა მზე. ეს ჩუმი წამი მექცა წამებად, მე ახლა ვდგავარ ქართულ მიწაზე, რა ვქნა თუ ეს ცაც მეცოტავება. მშვიდია სივრცე, ვბუბუნებ მძლავრად და ასაფრენად მიხმობენ ფრთები, მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო მიჭირავს მხრებით. შენით ვარ დიდი,შენით ვარ დიდი, ცდება,ვინც შენთან ყოფნას ართულებს, ამ სამყაროსთვის შენა ხარ ხიდი- იმ, სამყარომდე, მიწავ, ქართულო. შეუნდოს ღმერთმა, ვინაც გაგწირა და სისხლს გიწოვდა როგორც აფთარი, ვერ შესძლო ყველამ, ვერ იარწივა და იმათთანაც იყავ მართალი. რა გჭირს ისეთი, მე რომ გიცავდე, როცა შენთან ვარ ვიწვი ნებ-ნება. ღმერთო! მე ვდგავარ ქართულ მიწაზე, ნათელი შენი სულში მეღვრება და ჰქუხს გრიგალი, ბანს ვაძლევ მძლავრად და ასაფრენად იწევენ ფრთები… მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ- მთელი სამყარო მე მიმაქვს მხრებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი