ჩემს მეუღლეს და ყოველ ქართვლის დედას, რომელთათვის – “სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”
მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული – დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა, ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი სიცოცხლის სურვილს, ბნელ ხეობაში მიტოვებულს ვგავარ ნასახლარს. ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ მარჯვენას მკერდზე, თავი მოვიკლა – არ მიტოვებს დრო სხვა არჩევანს, ქართვლის დედებო! – საქართველო შეიდგით მხრებზე – რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად… თანდათან ლღვება წარსული და წარსულის ხიბლი, უბერავს ქარი და ნისლებში განქარდა მოთქმა, ვერც საიმედოს სახვალიოდ ვერ ვამჩნევ ირგვლივ, ვაგლახ ჩვენს შვილებს – უწარსულოდ მოუწევთ ყოფნა… კვლავ ცივი სისხლი გადამივლის დაფლეთილ გულზე, ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა ძალზე მდორეა, თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ სამშობლოს ვუმზერ და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე მგონია. ვდგავარ ჩემსავე დაყვითლებულთ ვცახცახებ ძვლებზე, დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას, ქართვლის დედებო! – საქართველო შეიდგით მხრებზე, თორემ კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი