ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები ..
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბევრის არა ვარ მდომელი, არა ვარ მგელი, ყორანი, ხარბი და გაუძღომელი. საბალახოდაც ფიქრი მაქვს, ფიქრისავე ვარ მძოვნელი, თვალი სულ გზებზე მიჭირავს, მუდამ ვიღაცას მოველი, არც სიყვარული მაკლია, დარდი მაქვს აუწონელი… სუყველა მიყვარს რაც, სუნთქავს, გველიც – მიწაში მძრომელი, სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც, სამზეო განუზომელი. ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა, მადლით მკვებავენ, რომელნიც, მზე, მთვარე, ქარი, ნისლები, ჩემი ცრემლების მწოველნი. ცვარი ასხმული ბალახზე მალაღებს, ვტკბები ცქერითა, როგორც მიწაზე ვარსკვლავნი გასხმულნი უფლის ხელითა, ხან ყინვა მაზრობს, ვიწვები ხან ამინდებით ცხელითა, ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო სამყაროებით ვრცელითა. ხან ნათელი ვარ მზესავით, ხან დაფარული ბნელითა, ხან თითქოს მთელი სამყარო მე მიკავია ხელითა… არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით, არც ვინმეს – ჩამოქცევითა, თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ, მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი