რაღას უყურებთ, დაჰკალით ..


რაღას უყურებთ, დაჰკალით
კურატი სვილისფერიო,
ჯერ იმ საბრალო დედაბრის
გასჭერით ქადის კვერიო,
სულ უკან რომ დგას რიგშია,
ყელში ეხრჩობა ცრემლიო,
რაღას უყურებ, რას უცდი,
რა გჭირს – ან ვიღას ელიო…
დღეს ბევრი მოვა მლოცველი,
დღეს დღე გექნებათ ცხელიო,
სისხლი დის, წითლად ენთება
სისხლი მთებს დანამცვრევიო,
სისხლისფერია მდინარე,
სისხლისა ბრუნავს მტვერიო.
მზე წითელია, ზეცაცა,
მთელი სამყაროს ჭერიო,
სისხლია ქვაშიც, ყვავილშიც ,
სანთელიც სისხლის ფერიო…
დადუმდნენ ტაძრის ზარები,
ჯამი დაუდგათ ძნელიო,
შენც გაგიჭირდა უფალო,
უკვე ვეღარც შენ ჰშველიო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი