მოვწყდი სამყაროს ..


მოვწყდი სამყაროს…
მე ცალკე ვბრუნავ,
საპირისპირო ვარჩიე მხარე
და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს.
მივდივარ მზისკენ,
ვშორდები მთვარეს
და შენც გშორდები,
ძვირფასო ამ გზით.
მე მართალი ვარ,
როგორც ყოველთვის,
რომ შემართება დარჩეს ავაზის
და დავრჩე წმინდა –
როგორც პოეტი,
მე მარტო ვბრუნავ,
მარტო სრულიად,
თუ შევკრთი – ვიცი,
გავნადგურდები,
არავის ხილვა აღარ მწყურია,
როცა საკუთარ თავთან ვბრუნდები.
შენგანაც მხოლოდ შორს მინდა ყოფნა,
მე შევძლებ,
შევძლებ უნდა ვიცურო.
ნუ ელოდები მეორედ მოსვლას,
უნდა იმედი გადაგიწურო.
მოვწყდი სამყაროს,
მე ცალკე ვბრუნავ,
ყველა პლანეტის საპირისპიროდ
და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს,
რაც უნდა შეგძრას და გაიკვირვო.
მე მარტო ვბრუნავ,
მარტო სრულიად,
ეს თავგანწირვა უხდება შეშლილს
და, სამწუხაროდ, უცნაურია –
არ ვიფერფლები
გავდივარ მზეში.
გავდივარ მზიდან
და შენც გშორდები,
ჩამოვიბერტყავ კალთებს მტვერიანს
და საწყისს ჩემსას ვუახლოვდები
და ვმარხავ ჩემში მზის მისტერიას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი