აღელდა ..


აღელდა
მკერდი აიავაზა,
ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით,
რად მეჩვენება ასე ლამაზად
ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის.
წუხელის მთებში ირმებს ვდიე და
მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება,
რად მეჩვენება ასე ძლიერად
ქარი, რომელიც გვერდით გამცდება.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დაგაღამდა სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი – რომელსაც გადავასწარი.
მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში,
ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს
და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში
ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე.
არა თუ მოჩანს – კიდევაც ქრება,
გადაეფარა თვალის საწიერს,
სულისთვის როგორ იქნება შვება,
მზერა თუ არსად წამომაწიე.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დავიღამე სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი – რომელსაც გადავასწარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი