როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე ..


როგორც გინდა, შენ შენს უფალს ავედრე,
დღეს სხვა მტკივა,ეგ ნაკლებად მადარდებს.
ქისტის ქალო, თვალთა შენთა ხავერდით
ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე.
მზემ ანათოს,მზეს ნათება არა ჰღლის,
შენს ლანდს სადღაც შევეჩეხე ანაზდად,
მე ვინა ვარ,ჩემს შესახებ არაგვი
ქარის ხმაზე მოუყვება ალაზანს.
გლუვ წარაფებს მთვარე ჩამოამთავრებს
და ნისლებში რიჟრაჟივით ცახცახებს.
ნელი სიო წამოუვლის საფლავებს
მიტოვებულთ,ცივთ და ანაპარტახებს.
თუ სიკვდილი არის დანაშაული,
ვინ მთავაზობს სიცოცხლეზე უარესს.
აიკრიფნენ ჯანღნი შენი აულის,
ჩემს დათოვლილ ქედებს გადაუარეს.
ჩვენს ძარღვებში ერთნაირი სისხლია
ზეცა მხრებზე დამატეხეს ვერხვებმა,
ქისტის ქალო,შენი სულის ნისლია,
წყაროს თავზე გზად რომ შემეფეთება.
ცხელა,ქარი მიუყვება ნაპრალებს
რასაც მთლად ვჭვრეტთ, ის ნაკლებად სრულია,
ამნაირად მოწყობილი სამყარო
ჩვენი ყოფნის უკვე დასასრულია.
ჩვენც გავივლით,აქ არავინ ყოვნდება,
წუთისოფელს მტვრით და სისხლით გაბურვილს,
სდუმს ნაპირი,
გემი გვიახლოვდება,
ჩვენი ყოფნის ულმობელი სადგური.
როგორც გინდა,
შენ შენს უფალს ავედრე,
დღეს სხვა მტკივა,ეგ ნაკლებად მადარდებს.
ქისტის ქალო,თვალთა შენთა ხავერდით
ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი