როგორც ეტყობა – გაზაფხულს ..
როგორც ეტყობა – გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მომიკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს. გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს, ვერც მზის მალული ცინება, დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა, უშენოდ მომეწყინება. ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ – ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების. როგორც ეტყობა – გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ, ალბათ სწორია სამყარო… ერთად ვერ გვზიდა ორივე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი