ან რაღა უნდა მოგიყვე ..


ან რაღა უნდა მოგიყვე
ან რა ვიამბო შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ?!.
როგორ დახრილხარ, თავთავო,
არ აუღიხარ ჯერა?!.
საით მიფრინავს, რა მხარეს
მკერდდაკორტნილი ძერა…
რად დაუხრიათ თავები
გზისპირს დამტვრეულ ალვებს,
ნისლები საით წავიდნენ,
საით გადაჰყვნენ ღამეს.
ყაყაჩო როგორ ჩაშლილა,
რა მდუმარეა ველი,
მგონია, ისევ სახლში ვარ,
შენს შემოფრენას ველი.
ჭიხვინებს კვიცი იაბო,
მზის აღმოჩენას ვნატრობ,
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ანდა გიამბო რატომ…
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ან რაღა ვიცი შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი