თანდათან ლღვება მზე დანისლული ..


თანდათან ლღვება მზე დანისლული,
ძირს პლანეტათა ნამსხვრევი ყრია,
დაფლეთილია სამყაროს გული,
სამყარო კვნესის, სამყაროს სტკივა…
გაჭვარტლულია სამყაროს ჭერი,
უკანასკნელი ვარსკვლავი ქრება,
გაღადრულია სამყაროს ყელი,
სამყარო იწვის – სამყარო კვდება…
ირგვლივ ფერები მატულობს თალხი,
ჩაქრა – ნათელი რომ ჩანდა მცირე,
უფლის ტაძართან ზღვა ღელავს ხალხის,
უფალი წუხს და ცრემლები სცვივა.
კვდება სამყარო, შეჩერდი წამო,
რომ ეს დღეც ჩაქრეს სუსტი და მღვრიე,
უფლის ცრემლები აესხა ნამად
უკვე მტვრადქცეულ სამყაროს იერს.
რაღაცა დიდი დასრულდა ჟამი,
რაღაცა დიდი შენელდა ფეთქვა
და, ლურჯი სივრცის გაიხსნა კარი –
გვაუწყა სულთა გადმოსვლა მკვდრეთით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი