ვიდრემდის ქარები მლოკავენ ..
ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები… გულო,შენ მჭირდები მბორგავი, გულო, შენ ტყუილად მეღლები. გულო, რა ნისლებში დაცურავ, ცრემლები რა შენი საქმეა, სიკვდილი შენ გიდგას მსახურად, სად ეძებ?! – შენს ზურგთან, აქვეა… გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო, ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია, გულო, შენ მჭირდები, შეშლილი, სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია. ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ – დათმობა დიაცთა წესია. ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის, კარგია, იფხიზლებ,კანკალებ, ბორკილი მზადდება მონისთვის – შენ დაბადებამდე გასწავლეს. ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, გულო, რა ტყუილად მეღლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი