შინა ზის ხარხელაური ..
შინა ზის ხარხელაური, ფრთა დაუმძიმდა ძერასა, ვეღარ ახერხებს ღრუბელთან უწინდებურად მღერასა, მაინც აგრძელებს ფიქრების, ცად ვარსკვლავების წერასა. ტახტზე წევს, ბოლავს ბუხარი, გაჭვარტლულია ბოლითა, ისწორებს ჩამოცვენილ მხრებს დაღლილთ ქარებთან ბრძოლითა, უახლოვდება ზამთარი, დაიფარება თოვლითა. ახლა, კი, ჯერ ისევ ბორგავს, ცეცხლი უღვივის თვალებსა, წინ უდგას ჟოლის არაყი, ჯამით შიგ იმტვრევს მთვარესა, ვისაც გწადიათ სტუმრობა, მიდით, არ ჰკეტავს კარებსა, მაინც სჯობია,უფრთხილდეთ ლომს – თუნდაც მწოლიარესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი