ვდებ ტელეფონის ყურმილს ..


ვდებ ტელეფონის ყურმილს,
შეწყდა ნაცნობი ზარი,
ლამის დაირღვა გული –
ისევ არავინ არი.
ო, მერამდენე დღეა,
და მერამდენე ღამე,
შემკრთალი ვიწყებ წრიალს,
რამდენჯერა ვხსნიკარებს,
გავალ,ვბრუნდები უკან,
ისევ ვეცემი ყურმილს,
ვიღაც როიალს უკრავს,
გარეთ კი ქარი ყმუის.
დაცარიელდა მიწა –
თუ სამყაროა ყრუვი?!
რატომ არავის უნდა
ახლა მოსმენა ჩემი,
ვიღაც გამირბის მუდამ,
ვიღაცას მუდამ ვდევნი.
ოღონდაც, ოღონდ ახლა
ზარს უპასუხოს ვინმემ…
ცარიელია სახლი,
ნესტიანია მღვიმე.
არავინ იღებს ყურმილს,
სკდება ნერვები სმენის,
ყრუა სამყარო, ყრუა –
არავის ესმის ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი