სადაც შენ სუნთქავ, იქ მოსვლა მიმძიმს – ..
სადაც შენ სუნთქავ, იქ მოსვლა მიმძიმს – შენს სატკივართან ჩემსას არ ვამხელ, მქონდა უნარი შორიდან მეგრძვნე, ფიქრით მექსოვა გრძნეული სახე. მინდა შორს იყო, შორიდან გკვლევდე, მზე როცა გინთებს ტაძარს სულისას, ვიდგე წვიმაში და შენთვის ვწერდე მუსიკას მზის და გაზაფხულისას. ახლა უეცრად ჩამომაღამდა, ტანჯვით ავიგე ბინდის მიწური, ქარმა თუ სახე ჩამომაღადრა – როგორ შეგგქმნა და როგორ გირწმუნო და როგორც გინდა, ისე ჩათვალე, იქნებ ზედმეტად ვინმეც მწყალობდით, იქნებ არც მაწინ ვიყავ მართალი მინდვრის ფსალმუნებს როცა ვგალობდი. დიდი ხანია, ო, დიდი ხანი – რაც ამ სამყაროს სევდას ვატარებ, ჩემს სალოცავთან ლანდი წევს ღამის და სხეულს ჩემსას ამჩნევს ნაკვალევს. მე კი მინდოდა ახლოს მყოლოდი, ახლოს მყოლოდი უფლის ნებიერს, როგორც სანთელი – დამწვი ბოლომდის, შენით სიცოცხლე შემაძლებინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი