გაუგზავნელი წერილი


ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით ნება დამრთეთ
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
ამ წერილს თუ წაიკითხავთ, ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშს გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეთ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეთ, ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო,
ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ,
აი, სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო, ყველაფერს რომ მპატიობდით,
ეხლა კიდევ, ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ...
უკანასნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი