სანამ ბარმენი მოვა
მშრალ კალენდარზე ისევ ვეძებ ნამიან მაისს, ფილტვებში ვიკლავ ცისფერ ნისლებს, სიშორეს, ზეცას. ბარმენის შედევრს რომ არ ჰგავდე ცოტათი მაინც, ვერ ვიპოვიდი სხვა ფოთოლცვენას ვერსად. სულელი ფიქრი არაფერზე შეწყდება მალე. ლოთი ბოკალი ცარიელი მიკითხავს მორალს. აუცილებლად, აუცილებლად დალევ და ნერვებს მიშლის სანამ ბარმენი მოვა. უვიცებს სტკივათ, სიბრძნის კბილი ამოსდის ყველას. ამზადებს ვერლიბრს კულისებში სულელი გოგო, ვუსწრებ ტროტუარს გუშინდელი ტაატით, ნელა და ვეღარ ვამჩნევ ვცარიელდები როგორ. ამინდზე გნებავთ? მაგალითიც პირველად მომყავს: გუშინდელ გაზეთს შეხვეული მტვრისფერი თოვა. მთვრალი ცინიზმით ვესაუბრები დამშრალ ბოკალს და ნერვებს ვუშლი სანამ ბარმენი მოვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი