ჟანა როკს
წამოგვაწვინა მიუზიდორა, აკაციებთან, იქ, სადაც ჩვენზე არ იციან და აისია მაგრამ, რა ვუთხარი ასეთ გაციებას, ასეთ მარტოობას, ასეთ პოეზიას, დღემდე რომ მაწერინებს სისულელეს, განწყობით სრულიად უნიათო, გზები შენამდე მიუსვლელი მაინც მართლდება, იშვიათად, როცა საწყალი მისის პირსი „Soleil et Ombre“ და „la corida“ ცხრაას თოთხმეტის კინოფირზე სადღაც, დამტვერილ დეკორიდან, ჩნდება უცვლელი უთქმელობით, დრო კი ყველაფერს გვაბედინებს. ისე მაწუხებს უთქვენობა, როგორც ხანდაზმულ კაპელდინერს წუთი ათასი, მილიონი, გარბის მხუთავი ისტერიით სადღაც, ცარიელ პავილიონებს მტვერი ედება ისტორიის. მხოლოდ დროდადრო, კვირაობით, ცენტით ჯიბეში, ორიოდე, მთელ შენ სამყაროს ვქირაობ და ვფლანგავ პარტერში... რომ იცოდე, რამდენ ათასგვარ სისულელეს ვფიქრობ, განწყობით უნიათო. ასე შენამდე მიუსვლელი გზებიც მართლდება, იშვიათად.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი