Hoochie Coochie Man


ბოთლების პირამიდა, ოთახი არეული,
ფარდის გადაწევა მაშინებს :
სარკეში ვიხედები - ჩემი ორეული
ზურგით ტრიალდება მაშინვე.
შუადღემოშიებულ განცდების გადამკიდე, 
იდეა მომაწოდეს ხურდებმა -
თასმებით ფეხსაცმელი კარებზე გადავკიდე,
ყულაბად ვიყენებ და ხუნდება.
სარკაზმით მოსაუბრე, გაყიდულ ქალაქიდან, 
მარყუჟში ყელივით გავდივარ. 
პურიდან აფხეკილი ობივით კარაქი და
Hoochie Coochie, გარინჩა და განდი ვარ.
ამდენი გენიოსი საიდან მოათრიეთ?!
ამდენი შაგანე და პირანტე?
აბები შემეცნების არ მინდა, მაპატიეთ, 
ვადაგასული ვარ პირამდე!
ფილტვებს ვყიდი, 
გულიანად, სამას ფრანკში -
შეიძინეთ, სანამ ხორცი უმია..
თორემ, დროა, ამ ბოთლების სარკოფაგში
ფარაონი გადაიქცეს მუმიად.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი