ახალი მცხეთა


... და როგორც პულსი მომაკვდავ კაცის,
ეს რიტმიც ისე გამოიცვალა.
მე ვუბრუნდები დღეს ახალ ტფილისს,
როგორც ფლეიტა გამოხრულ ძვალთა.
ძველი სატახტო... სვეტიცხოველი,
რომლის ობობა მტკვარს გადააშრობს,
მისგან სასწაულს არვინ მოელის,
ზახარ ზახარიჩ აქ მშვიდად ვაჭრობს.
დაშრა აქ ვნება ადამიანთა,
ჯვარის მონასტრის გაცივდა მწირი.
მხოლოდ არაგვი მტკვარს ჩახვევია,
პირველ სიყვარულს აქამდე სტირის.
რუსის ისპრავნიკს კაპასი ცოლი
მშვიდად უშლიდა წინ აქ პასიანსს,
და აზიაში შეჭრილი სოლი,
იმპერატორი ვესპასიანი,
ნადავლს ყნოსავდა, როგორც აფთარი,
ნაზონის ლექსებს ისმენდა მტკვარი.
”ოი, არაგვო, არაგვიანო”,
მტკვარო ფეხმარდო, მუდამ მქუხარე,
ვარ მოგონების ცეცხლით მწუხარე,
უტახტო, როგორც ის ალექსანდრე,
რომელის სევდაც ამ დიდ ხეობას
ჯერ აქამდისაც ვერ აუღობავს.
ასე იღება ახალი კარი,
სანთელის ფრთებით მოდის იკარი.
წინ კი ელექტროს გარდაქეშანი
გოლიათ ქარხნის მოჩანს ჯავშანი.
და იმ ადგილას, სადაც ოდესღაც
აბიათარი კვართით დამარხეს;
თავჩაღუნული ათასი მუშა
მიაყოლებენ მტკვარს ახალ არხებს.
და იმ ადგილას, სადაც სამჭედლო,
ვერ გაჭედავდა ჭაკ ცხენის ერთ ნალს,
მორტირებს გააქვთ ეხლა გრაგანი
და ათასი ხმით ინტერნაციონალს.
და იმ ადგილას, სადაც ოდესღაც
ძველ დინასტიად დაგროვდა ფერფლი,
ელექტროს ცეცხლში დგას ჯვრის ტაძარი,
ფანტასტიური და ეიფელი.
ვესპასიანი, წმინდა ნინო, მეფე მირიან...
და საბჭოების საქართველოს ახალი მცხეთა.
მოგონებები გრიგალივით თუმცა მოჰქრიან,
ურჩი ოცნება მათ პოეტის ვერ დააფეთეს.
ვინ დახრის დროშას მაღალ ტარიანს,
როცა ის მოაქვს პროლეტარიატს?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი