გაჭიანურებული მადრიგალი
ხარ ალესილი, როგორც ხმალი მაჩაბელების, ხარ ალეწილი, როგორც ვერხვი ტაშისკარისა, შენი სიმაღლე სიმაღლეა სახრჩობელების და გადმოხედვა ღვთისმშობელის, ქართლს რომ აღირსა. მე მესიზმრება ამაღამაც მღვრიე ლიახვი და მუზარადი გაჭენებულ ათაბაგების. მტკვარი ასპინძში გადაჩეხილ თათრებს მიახვევს, მტკვარი თათრების ჯილოებით აღარ დადგება. სავსეა ისევ საქართველო ღვინის მარნებით და რაინდები გადადიან ყანწებს ყანწებზე, ჯერ არ მომკვდარა აქ ვაჟკაცი სხვა დანანებით, რომ არ ედიდოს საქართველოს უკვდავების მზე. არ მინდა ვიყო გათანგული, მორცხვი ოსტატი, რომელიც ხატავს ვარძიაში დედოფლის ფრესკას. ყველა ბატის ფრთა ძველ პოეტებს მინდა მოვსტაცო, სირცხვილი არის იქ ბატის ფრთა, თუ ხმალი რეკავს. უკანასკნელი დარჩი ქართლის შენ დედოფალი და თუ გვირგვინი უფრთოობით თავზე დაგატყდა, ჩემი გულიდან სხვა გვირგვინი გამოითალე - ეს ჰიპერბოლა ბევრ პოეტებს დასტოვებს სახტად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი