გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს


იდგა ჭაობი დაუშრობელი,
ქარი რიონზე ტირიფებს ჰხრიდა,
მე კი მესმოდა საგალობელი
და ხალხთა ქება ყოველი მხრიდან,
როგორც წყურვილი დაუცხრომელი,
გონებას ფლობდა ძველი კოლხიდა.

არსაით ჩანდა ჯერ იაზონი,
მე კი მედეა გულით მიყვარდა,
რა ვუყოთ, რომ ვართ ჩვენ უაზრონი,
მიტომ გვახურავს საბანი ვარდად,
მესიზმრებოდა ტროადის ომი,
ყრმა აქილევსმაც მუხლი გამართა.

ამ დროს ბავშვობა რას არ აიტანს,
თვითონ არ იცის, სად ამოყოფს თავს?
და მაინ რიდის გულად კაპიტანს
ოცნება მეტი გმირობით მორთავს.
შორდები რიონს და ზღვა გაგიტანს
და გული ზღვაზე მღელვარედ შფოთავს.

დღეს რასაც ჰქვია პოეტის სიბრძნე,
სხვას ჰზარავს მარტო იმისი სახე,
მე კი ბავშვი ვარ კვლავ თითის სიგრძე,
კბილებს მომკვეთავს ალუჩა მკვახე.
ჩალვადარის ცხენს რიონის პირზე
დავაგლეჯ ძუას, დავაგებ მახეს.

ბატონიშვილის მმოსავს ხალათი,
თუმცა აბაზი ღირს ადლი ჩითი,
ალადასტურით სავსე კალათი
და დაჭერილი სამოთხის ჩიტი.
განა ვინ სწავლობს ანბანს ძალათი,
რა საჭიროა აქ მაგალითი?..

თვითონ დავითი მოჰყვეს მის მცნებას,
ჯერ მწარე ნახოს და მერე ტკბილი,
მაინც ვერ ასცდეს ის დანანებას!
უფრო ტკბილია დილაზე ძილი,
თვალის გახელა რომ გეზარება
და განცხრომით გაქვს ფეხი გაწვდილი.

და გელანდება თამარიანი,
დავით ნარინი და დავით ულუ;
რაც ქვეყანაზე დევნი არიან,
რასაც სული აქვს, ანდა უსულო,
რასაც მზის სხივით გაუხარია
და სიკვდილამდე გინდა უყურო.

თვითონ არ იცი, რატომ ატირდა
გულის ამოსკვნით დედის ნანინა?
ია და ვარდებს თავზე გვაყრიდა
და ამოგვივსო ვაშლით განჯინა.
თუ ამ საჩუქრებს მალე გაგვყრიდა,
ტკბილ ბატონებმა რად დაგვარჩინა?

ყველა ბუჩქებზე ციცინათელა
აკაკის ლექსით აქვითინდება,
დილამდე უკრავს ჩონგურს ნათელა,
ცაზე ცისკარი წითლად ინთება,
და აბდულ-შაჰილს ბაში-აჩუკი
ვეფხვის სიმარდით დააფრინდება.

არც კი გინახავს და ისე გიყვარს
შენ, აბესალომს, ქალი ეთერი,
ალვის ხეს წრეში ალვის ხე მიჰყავს,
თუმცა შეყრილან ყველა ერთფერი.
შენ მაინც ერთი ოცნება გყინავს
და უიმედო ცრემლებით მღერი.

რა შეედრება უიმედო ხმას,
არ გეტირება და მაინც სტირი!
როცა ცხოვრება კაცად მოგიხმარს,
როცა ხელობად გახდება სტვირი,
მაშინ მოჰყვება პოეტი ოხვრას,
აქვს გლახასავით ხელი გაწვდილი.

მხოლოდ ჩვენ გვერგო გამოფხიზლება
და ბედნიერი დავრჩით თაობა,
ათასი ხმებით ერთად იზრდება
გულში სიმღერის გამბედაობა.

ჩვენ თვითონ ვიცით, ვის დავუმადლოთ
ჩვენი მეორე ახალგაზრდობა,
ვინაც ცხოვრება შექმნა უბადლო
და კაცთ გვიბრძანა კაცად გახდომა.

ახლა სიზმარი ხომ დაიჯერე,
პალიასტომი წალკოტად მორთეს.
ახლა შენია სიმღერის ჯერი
გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი