გუნიბი
გადავიარე დაღესტანი... ვნახე გუნიბი, გიაური ვარ - და ვარ მაინც ეხლა მჲურიდი. ხმალი - ლეკური ამხანადაც არ იღუნება, ამ ხმალს მე ეხლაც სიხარულით გულს გავუყრიდი. დაუთოვია სისპეტაკე ზეცას თეთრ თოვლით, დგანან ზვირთების ეშაფოტად მაღალი მთები. მოქუხს გრიგალი შურისგების მეორე მოსვლით, იხტიოზავრიც წარღვნის ღამეს დაეფეთება. ვხედავ არწივთა საბუდარით დანგრეულ ბუდეს და მოგონების სირცხვილიდან თვალი მევსება. ამ ცის სიმაღლის შეგინება როგორ გაბედეს, ამის ტკივილი, საქართველოვ, შენც ხომ გედება. ქართული ძვლები ალპებიან აქ ხმალს და ხიშტებს, მეცოდებიან ამ საწყალთა გახრული ძვლები. სული თან გაჰყვათ სამოთხეში მამაც ჯიგიტებს და თქვენ კი დარჩით, ჩემო ძმებო, გაძარცულები. და ამაღამაც, როცა ლეწავს ყველაფერს ქარი, მჲურიდების სულს კვლავ ლოცავს მათი იმამი. თქვენი კი წახდა სამუდამოდ ბრძოლა მედგარი, არც დაგიტირებს უცხოეთში უცხოთა ღამე. არ მისროლია მე არასდროს ჯერ კაჟის თოფი, არც გალესილი მრტყმია წელზე ლეკური ხმალი, მაგრამ უეცრად ვაჟკაცობამ მეც შემაშფოთა, არ მინდა ვიყო მე პოეტი, სისხლით დამთვრალი, და ამ ღამიდან დაწყებული დღე რაც კი გადის, მე ვწერ პოემას: რომ წარეცხოს თქვენი ღალატი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი