დაღესტნის გაზაფხული


მე ვბრუნდებოდი საქართველოში,
წინ მომიძღოდენ დაღესტნის მთები;
არა ვარ უცხო ამ მიდამოში,
ძუძუთ მერგება მისი კალთები.

ცა მაღალია და მოვარაყე,
ველი - გაშლილი და თვალუწვდენი;
ღრუბელს დაუდგამს ქვაბი საარყე,
ცეცხლს მიჯდომია, როგორც უზდენი.

რომ შემხვდეს ეხლა მუხრანის ბოლოს
ხელაღებული თავზე ყივჩაღი,
დავულოცავდი თვითონ სამშობლოს,
რადგან სამშობლოს ერთი გვაქვს თაღი.

გამჭვირვალეა თვით ზღვა კასპისა,
ზვირთებში ვხედავ თევზის ქვირითებს;
უდაბნოს თიხამ ვეღარ გაფისა,
თერგი დაბლობში მოაჯირითებს.

ვუახლოვდები ასე დარუბანდს,
ერთად მივყევარ თეთრ ცას, თეთრ აპრილს;
ვხედავ ატმების მორევს გაუვალს,
სულეიმანის წვერებზე დაყრილს.

იყო დარბევა იმ მწარე დღეში
და კაცის სისხლი რეცხდა ხეობას;
მთაში მომსკდარი წვიმა და თქეში
გურამიშვილის გოდებს ტყვეობას.

აქ ვაჟკაცობად სთვლიდა ქართველი,
თუ თავს სიკვდილსა არ მოარიდებს;
სისხლმა შეღება ეს მთა და ველი,
უჭრიდათ ხმალი მამაც მჲურიდებს.

სხვა ისკანდერი გულჩახვეული -
ებრძოდა ჯვარსა აქ ალექსანდრე;
ჰაჯი მურადის მოკვეთილ თავზე
ჯარისკაცებმა ჯავრი იყარეს.

აღარ ებრძვიან დღეს გიაურებს,
ჩამდგარი არი ხმალი ქარქაშში;
მზე ბედნიერი თავზე დაჰყურებს,
დაღესტნის ველზე გააქვს კაშკაში.

მთებო, ხომ გახსოვთ დღე ბედნიერი
როცა სტალინი ეწვია თქვენ თემს?
ყველა დალოცავს: ყრმაა თუ ბერი
ბედნიერების კერაზე დამნთებს.

ხომ გახსოვთ ორი თანამებრძოლი,
ორივე სერგო, ვაჟკაცი ტოლი.
ძმადგაფიცული და მტკიცე ფიცზე
ერთად კიროვი, ორჯონიკიძე.

თქვენ, ხევსურებო, შავი ნაბდებით
რომ გამოსტაცეთ ჯალათებს სერგო,
დღეს ერთი წუთით ჩემ ლექსს დანებდით,
მთების მგოსნობა მე ჯერით მერგო.

ფშავნო, თუშებო და ხევსურებო,
ქეთელაურო, ძმაო ალუდა!
ჩამოდგა მთებში ეხლა მშვიდობა
და სისხლს აღება დღეს აღარ უნდა.

ერთად შევერთდეთ, ერთად ვიმღეროთ,
მოვსპოთ ადათის ყველა ნალექი;
ამ დიდ ძმობაში ყველა ერთი ვართ:
ქისტი, ხევსური და დიდო-ლეკი.

სალამი, ძმაო და კომუნარო!
სალამი, მთებო, ძმებო ჩვენ მთათა,
სალამი, სერგოს ძლიერო სულო,
რომ დაიფერფლე მთებისთვის მთლადა!

მე მოვდიოდი საქართველოში,
წინ მომიძღოდენ დაღესტნის მთები;
ორჯონიკიძე დავტოვე კრემლში,
ორჯონიკიძეს მაინც აქ ვხვდები.

მშვიდად ცხოვრობენ აქ მთიელები
და ბავშვიც ამბობს აქ თითის სიგრძე,
რომ ამ ქვეყანას შესწირა თავი,
ამიტომ ჰქვია ორჯონიკიძე.

და ნახევარი კავკასის გული,
მახსოვს, ”კოლონის” დარბაზში ელავს,
და საპატიო დგას ყარაული,
მთელი მოსკოვი აქეთ მოღელავს.

გმირის სიკვდილზე ატირდენ მთები,
აქაც გრძელდება ეს ყარაული;
და მეც იმათთან ერთად ჩავდგები,
ამ დიდების გზას ვეღარ გადუვლი.

ასე მგონია, ტანზე მასხია
აქ აფუთქული ყველა კვირტები,
აქ ჩემი ყრმობის ჯადო მარხია
და აფეთქებით ნუ გაკვირდები.

მთა გოლიათი სხვა მთას მოება,
კავკასიონის წამოდგა ქედი;
თვითონ ცხოვრება არის პოემა,
შთამგონებელი და შემომქმედი.

მახარებს იმ დღეს რომ მოვესწარი,
როცა ერთი გვაქვს სამშობლოს თაღი.
საქართველოა თუ დაღესტანი:
ჩვენია მთები, ხე და ბალახი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი