ვლადიმერ მაიაკოვსკი დედა და დები


- რა ვუთხრა შენ დებს: ოლიას, ლუდას!
მათ შენზე ცრემლი აღარ აშრებათ,
მათ დამშვიდება თვითონაც უნდათ!

მე ვხედავ ერთად ამ საწყალ ქალში
ყველა მგოსნების მწუხარე დედებს;
შევუდგეთ ერთად, ძმებო, მას მხარში,
ის ყველას სევდას ერთად აერთებს.

ჩემ წინ იშლება საერთო ყრმობა
და ქუთაისში რევოლუცია.
- თუ იყო მასში გამბედაობა,
ეს თქვენ ქვეყანას გადმოუცია.

და მე ვიცოდი, რომ მაიაკოვსკის
არ დარჩენია ამ ქვეყნის ვალი;
პოეზიისთვის ბრძოლებს ვინ მოსთვლის,
მას დევის ჰქონდა ფეხი და კვალი.

თეთრდება პრესნა და თებერვალი -
ქარბუქიანი მოსკოვის ღამე.
კავკასიონის მოსჩანს მწვერვალი
და აჟღერილი მთა მოკამკამე.

აკაკის ლექსით გამონაფრენი
ბუჩქებში ბჟუტავს ციცინათელა;
ტიტველ ღრუბლების ჩანან აფრები
და ჩვენი გული თერგმა გათელა.

ორივე და და საწყალი დედა
ცრემლით ალბობენ ბაღდათის მიწას;
ბედნიერებას მან აქ შეხედა,
გამბედაობა ამ ზეცამ მისცა...

არ იყო მისთვის უცხო ალერსი
რევოლუცია, წითელი პრესნა.
მან ის იმღერა ვაჟკაცურ ლექსით,
რაც საქართველოს მთებში მოესმა.

ვიცი, დადგება ბაღდათის ბაღში
ყრმა მაიაკოვსკი - ბრინჯაოს ბავშვი,
მე ეს ვუთხარი მწუხარე დედას
და ყველას ერთად მოგვეშვა სევდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი