თამუნია წერეთელს
”მოდი-ნახეს“-ო - მიველ და ვნახე და სჯობდა მაინც, რომ არ მენახა, არხისტრატიგის მრისხანე სახე, საკურთხეველის რომ დგას კარებთან. მე ბავშვი ვიყავ და არ ვიცოდი, ნათელა სისხლზე რისთვის ხარობდა, რა სიამაყის გულს აწვა ლოდი, როცა სარებზე თავებს ახმობდა. როგორც ათასი გამტყდარი თარი, ისე იმღერის თავების ღობე. ვაჟკაცთ შეტევით სძლიეს თათარი და გამარჯვებას ვეღარ ხარობდენ. და მოგონება მოასკდება გულს და გრიგალივით სულზე გადიარს, ვხედავ მებრძოლი სისხლით გათანგულს და შეყვარებულ ცოტნე დადიანს. მე არ მაცხია მონგოლის თაფლი, და ხელგაკრული არ ვზივარ მზეზე, მაგრამ ბუზები, რომ ვერ დაითვლი, კბენენ ჩემ სხეულს სულ უმიზეზოდ. არ შეგიკერავს შენ ჩემთვის ჩოხა, მაგრამ ვატარებ ობობას პერანგს, რაც სხვას სიცოცხლე მიაჩნდეს ოხრად, ასეთი სისხლით ვეღარ შეღებავს. ბევრი დაგყვება დღეს აბეზარი, მაგრამ არ გვანან იმ ძველ რაინდებს, რა საჭიროა იმ დროთ მეზარე, დრო უმისოდაც არავის ინდობს. ამ სიბნელეშიც მოდის ნათელა - ქველი წერეთლის ამაყი ქალი. მე თუ ცხოვრებამ მართლა გამთელა, მღელვარე გულის დამრჩა ფართქალი. მაგარი არი ხომ ”მოდი-ნახე“. ლექსს უფრო მტკიცე აქვს გალავანი და ეს პოემაც შენ შეინახე, მეც პოეტების ვარ ფალავანი. ასე იმღერის ძველი მოტივით სამოთხის ჩიტი - გამაიუნი, შენს გარდა ალბათ სხვაც მომიტევებს, რომ შენზე ვფიქრობ დღეს თამუნია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი