იარალის
აღარ გვყოლია ბედი გამწყრალი - ჩვენც გვყავს იარალი, ძმა ძმაზე უფრო ერთგული, სანდო, შანშიაშვილი, ძვირფასი სანდრო. ვზივართ და გისმენთ, ჩვენო იარალი, შენი ვაჟკაცობის ეშხით დამთვრალი. წითელი ღვინის იცლება თასი, ისმის სიმღერა შევსვათ ათასი. - ”ნინო და ღვინო, თარი, თამარი, კარგი თამადა, რომ ჰქონდეს მადა! და ტოლუმბაში შეებას სმაში, იმერ-ამიერ მრავალჟამიერ“. არ ხარ მოხუცი, მაგრამ ჩვენ ყრმანი, მაინც მოგისმენთ გამოუცდელნი. შენ დაარწიე ჩვენი აკვანი და სიყვარულის დაგვდე უღელი. ჩვენ საუკუნეს მოსდევი მხარი და კრეტსაბმელი ჩამოახიე, ხარ პოეზიის ირემა-ხარი და სადღეგრძელოც შენთვის ახია. მშვენიერებით, სიყვარულით, ცეცხლით და ალით შეიმოსა რძალი ზენარი. ამ სიყვარულის მოწამლული დანით დაგვკალი და უკვდავებაც ჩვენთვის ეს არი. თუ გვახსოვს რამე, თუ კაცნი ვართ სულს ვითქვამთ ამით, მშვენიერებით შეიმოსა რძალი ზენარი, მშვენიერებით შეიმოსა შენი სულამიტ. ბევრია ჩვენში პოეტი ნავსი და უფრო მეტი კიდევ ზარალი. შენი მზე-გულის ცეცხლით აგვანთე, შანშე, გრიგალო და იარალი. 28 სექტემბერი. 1929 წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი