ისია ნაზაროვას


თითქო ამ ათ წელს არ გაუვლია,

თვალღიას ძილში დამრჩა სიზმარი:

ვუახლოვდებით ”ჯანყით გურიას”

და მატარებლის მირეკავს ზარი.

ვიგონებ დამწვარ ამ ათ წელიწადს,

პირველ სიყვარულს, გულს რომ მინგრევდა,

შენც ხომ ცხოვრების გრიგალი გწეწავს,

ორივეს დაგვრჩა უძირო სევდა:

უცოდველ ბავშვის გეძინა ძილით,

ერთად გვესიზმრე დაღლილ პოეტებს,

სიყვარულს ვერ ძლევს წელთა მანძილი

და ძილშიც სიზმრად წამოიშფოთებს.

წაჰყვა პაოლოს იმერეთისკენ,

მეც გურიაში მომაქვს ოცნება,

უფრო ახლოა გზები ღმერთისკენ

და კაციც უფრო შეეცოდება...

ეხლაც ეს ლექსი რა მაქნისია

- დღესაც სხვისია ისევ ისია.

მაგრამ რას უზამ ამ გურიის მთებს,

ძველ სიყვარულის ცეცხლს რომ დაგინთებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი