მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი


ყური უყრია მუხრანზე ბალახს,
დაბრუნებია მერცხალი ბუდეს.
გაუწყვეტია ფაცერი კალმახს,
შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს.

მთა მიყვება მთას - მთა მთას აწყდება,
დგას ლანქერების კორიანტელი.
თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება,
რომ იყოს თერგი ორი ამდენი.

ვარ მოპარული ლამისყანიდან,
ვარ ლეკების ტყვე - გურამიშვილი.
თუ რამე მიმაქვს ამ ქვეყანიდან -
ბედნიერება ეს უსაშველო.

რა საჭიროა მელნად გიშრის ტბა
და კალმად კიდევ მინა რხეული,
თუ ამ მღვრიე მზით გული გაგითბა,
თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.

უყელეს, ყელი გამოაღადრეს
და აუბნიეს ლექსის გზა-კვალი,
მაგრამ გათელავს ამ კლდესა და ღრეს
ბარათაშვილის მერანის ნალი.

ცა ცას ადნება, მყინვარი - მყინვარს,
ბედნიერებას თოკავს ალერსი,
და დაეწევა ორბების შურდულს
მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი