ორპირის სეზონი
ორპირი ლპება - როგორც ლეში ლევიაფანის, რიონის ფშანებს აედევნენ გრძელი ყანჩები. მოიღუნება ჩემი სული - წნელი ლაფანის, მხოლოდ ყანჩები - ჭაობების მჭლე ლამანჩები. ჩამორჩენილან ბაყაყები მღვრიე ბუშტებში, იმათაც სცივათ ამონგრეულ ნოყო ბუდეში. მოაქვს ნოემბერს გაცივება, სურდო, ანთება და დილიჟანსით აქ სეზონი ჩამობრძანდება. პირველი სიტყვა საქართველოს, ქება სამშობლოს, დღეს იმერეთის მდარე ღვინოც დამათრობს ბოლოს სცივა ქვეყანას, როგორც ზამთრის ნაგვიანებ კრუხს, თუ დამიჯერებთ, ჩემი სული მხოლოდ ამას სწუხს. ლოტრეამონის მალდარორი, უშნო გომბეშო, კოსმიურ ტალახს დასტიროდა ჩვენ ორღობეში. ყველა პანთეონს, თუ მერგება თვითონ დიდუბეს მე ვარჩევ მაინც ჩემ ორპირის გამომპალ უბეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი