ოქროყანა


პატარა ძაღლები უყეფენ მთვარეს,
მთვარე თანდათან ჩამოდის დაბლა;
თითქოს ვარსკვლავებს წილი უყარეს,
ცვივა ვარსკვლავი ელვების საბნად.

პატარა ძაღლები უყეფენ მთვარეს,
თვალებზე ძილი არ მეკარება.
მეტი რა მქონდა მოსაპარავი
და ამ ძაღლებმა ძილიც მომპარეს.

მთვარე თანდათან დაბლა ეშვება,
ჩამოეფარა ქოროღლის ციხეს,
დაადგნენ თბილისს მთები ეშვებად
და სადარაჯო ფარი აიღეს.

ჩემო ძვირფასო და ტკბილო დედა,
ჩემო თბილისო, გულის ლახვარო!...
ძაღლი ძაღლური ქებას გიბედავ,
რომ მზის ამოსვლა ყეფით გახარო.

ოქროყანიდან დავყურებ შენ ბჭეს
და სიხარული ძვალრბილში მივლის,
ასეთი ბედი რომ მომანიჭეს -
პატარა ძაღლი გიცავდე თბილისს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი