ოქროყანა


თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
გათენდი ისე, როგორც გათენდა
ოქროყანაში, თუნდა ამ დილას, -
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი!

ამ მზის ყუმბარას რა ხელი სტენდა,
ან ვებერთელა სიდან გაზრდილა?
რა ლექსი ზიდავს ამ საღადარეს,
რა გულს არ დაწვავს და არ გადარევს?

თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
მაშინ ქოროღლის გქონდეს სიმაგრე.
გადაყურებდე დაბლა მარაბდას,
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი.

შენ რომ ხელი გკრან, ისიც წაგაქცევს,
ამას ტყვიების მეხი ღარავდა,
მაგრამ მეხია თვითონ სასროლი,
ცა გაუპია და დარჩენილა ტიტველა სოლი...

თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
ამღერდი ისე, როგორც ამღერდა
უძოს ბულბული მაღალ ფალცეტით,
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი.

ბევრი პოეტად თავს ასაღებდა,
ჩვენი ეპოქის რომ იყოს ღირსი
დღეს პოეტებში არ ვართ არც ერთი.

მაშ შევადედოთ ლექსის მაწონი,
ოქროყანიდან ჩამოვყვეთ ვირებს,
იქნებ არ იყოს ეს მოსაწონი,
მაგრამ არავინ არც გაიკვირვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი