პარკში
ღამდება, მწუხრი ზოზინით მიდის, პარკში მუსიკა უკრავს ბერლიოზს. - ვერ გავიგონე, ხვალე თუ როდის?.. რას იმანჭები, სთქვი, ქალო, ბოლოს! მკვირცხლი სიცილით იცინის ქალი და ეს სიცილი ღამეში სცურავს; სატრფო საყვარელს ეძებს დამფრთხალი და მოლოდინში გულს ლხენით სწურავს... - აუ, აქა ვარ, - კივის ჭრელკაბა. - გამოუჩქარე ფეხს, ბარემ, აბა!.. ელვა ელვარე, გიჟი გეტერა, მუსიკამ ვნებით აასიმღერა... ვზივარ და ვფიქრობ, არ ვიცი რაზე... მიყვება სული ხმებად ბერლიოზს, და ბალაგანის გახსენებაზე ვიგონებ ვერლენს, რემბოსა და ბლოკს!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი